ექვსი ოპოზიციური პარტია „რუსული კანონის“ წინააღმდეგ კოორდინაციას აცხადებს

ექვსი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, აცხადებს „სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი რუსული კანონის ჩასაგდებად“.

18 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, პარტიები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, „მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას“.  

პარტიების თქმით, „უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი… ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება“.  

„ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირსა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან“.

„საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული“, – აცხადებენ პარტიები. „კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version