„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. 2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ საერთაშორისო გამოხმაურებებს კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით.

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: „…ეს [კანონპროექტის ხელახალი ინიცირება] რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მთელ ძალისხმევას.

საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე ნატოსთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად… სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს, თბილისს ვსტუმრობდი, და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობა. და ქართველმა ხალხმა ასევე მკაფიოდ აჩვენა, რომ მათ სურთ დემოკრატიული აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ასე რომ, ნებისმიერი კანონი, რომელიც უცხოური აგენტების ამ იდეას დანერგავს, ვშიშობ, რეალურად იქონიებს გავლენას საერთაშორისოდ, და ასევე საქართველოში მოქმედ ბევრ მედიასაშუალებაზე და ძირს გამოუთხრის იდეას, რომ საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატიული საზოგადოება“. 

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო: „საქართველო: ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაიწვიოს კანონპროექტი, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და მედია, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, შეფასებულნი არიან როგორც „ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ძალის ინტერესებში მოქმედებენ“. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას“.

პეტრას აუსტრევიჩიუსი, ევროპარლამენტის წევრი: „როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრო-აზიური ტირანიისკენ იხრება. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები განხილვას არ ექვემდებარება“. 

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი: „ქართულმა ოცნებამ ჩვეულებისამებრ იცრუა – პირობა დადო, რომ აღარ შემოიტანდა კანონს, რომელიც ერთი წლის წინ გააუქმა, თუმცა ეს მაინც გააკეთა. ეს ბოლო წლებში მმართველი პარტიის ევროკავშირის საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკის გაგრძელებაა. კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გზის საბოტაჟს და მოსკოვში ოლიგარქის მმართველებისთვის სიამოვნების მინიჭებას ითვალისწინებს… ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს არა მისი ხელისუფლების, არამედ მის მიუხედავად მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად ქართველი ხალხის გამბედაობის დამსახურება იყო. ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება” ქვეყნის ევროპულ მომავალს კარს მიზანმიმართულად უხურავს, რადგანაც ამის შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ან ევროკავშირში ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა აღარ იქნება“.

მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტის წევრი: „ქართული ოცნება“ ყველანაირად შეეცადა, რომ მისი ქმედებები ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, მაგრამ სიმართლის გაუქმება ვერ მოახერხეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მზად არის საბოტაჟი გაუკეთოს საქართველოს ევროპული რეფორმების გზას“.

ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის წევრი: ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის  წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ  ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ. გარდა ამისა, ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით. ეს არის სიძულვილის ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ“.

ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი: „მართველი პარტია არჩევნების წინ ცდილობს ხალხის დაყოფას, ცდილობს მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეული და შეფასებულია საერთაშორისო გაერთიანების მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ძალიან დასანანია. საზოგადოების დაყოფა ყოველთვის რუსეთის მიზანია… კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ქართველი ხალხის წარმატება. ევროკავშირის შეფასებაში სწორედ ქართველი ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ჯერ არ ვიცით, რა იქნება ბოლო ნაბიჯები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც უკან წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას”. 

ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება „ქართულ ოცნებაში“. ვიმედოვნებ, რომ ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება“.

თომას ჰაკერი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი: „ასე საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ კვლავ ავლენს თავის რეალურ სახეს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „ჩვენ ვიხილეთ ცნობები, რომ ისინი [„ქართული ოცნება“] იმ პოტენციურ კანონპროექტს განიხილავენ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა ევროპული ამბიციები დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა გავაგრძელოთ“.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხელახლა დააინიციროს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გადასცა. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას“.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ქართული ოცნების განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს განახორციელონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი: „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მე მივესალმე საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას. დღეს კვლავ ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია“.

პიტერ სტანო, ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში: „საქართველო: „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მიუხედავად მმართველი პარტიის მკაფიო დაპირებისა, რომ გააუქმებდა ამ კანონმდებლობას. რეფორმები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ამბიციებს. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისადმი“.

გულნოზა საიდი, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი: „საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომლითაც მედიასაშუალებები უცხოეთიდან კონტროლირებად მედიად ჩაითვლებიან, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია ხელისუფლების განცხადებებთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ. ის საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ… მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონპროექტი და უარი თქვას „უცხოელი აგენტების“ შესახებ ნებისმიერ  კანონმდებლობაზე, თუ სურს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა წარმატებული იყოს“.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: „ქართულმა ოცნებამ კვლავ წარადგინა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის მსგავსია და აღშფოთების შემდეგ 2023 წელს უკან იქნა გაწვეული. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს უარი თქვას ამ ტექსტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაშინებისკენაა მიმართული“.

ფრიდომ ჰაუსი: „შეშფოთებულები ვართ საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ მსგავსი კანონმდებლობა ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე ჩავარდა. მიღების შემთხვევაში, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი საქართველოს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებს დაუახლოებს, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე, და ეს ასევე იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ინიცირებული კანონპროექტი“.

ლისლ გერნთჰოლცი, PEN/Barbey Freedom to Write Center-ის დირექტორი: „უბრალო კოსმეტიკური ცვლილების განხორციელების შემდეგ, „ქართული ოცნება“ კვლავ აინიცირებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მწერლების, კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების მნიშვნელოვანი და დამოუკიდებული მუშაობის შესაფერხებლად…  სამარცხვინო კანონპროექტი ამახინჯებს სიტყვების „გამჭვირვალობა“, „ანგარიშვალდებულება“ და „უსაფრთხოება“ მნიშვნელობას, რათა შეასუსტოს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. არ შეცდეთ, ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს  დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ დევნას. საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე უნდა ისაუბროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების შევიწროების მცდელობა, რომლებიც დამოუკიდებელ საქმიანობას ახორციელებენ.

მერი ლოულორი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში: „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირებით, მიუხედავად ჩემი ვიზიტის დროს მიცემული გარანტიებისა, რომ ეს არ მოხდებოდა. ჩემს ანგარიშში ხაზგასმით აღვნიშნე ამ კანონპროექტის ზიანი და მოვლენებს კვლავაც ყურადღებით დავაკვირდები“.

ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი, კოალიცია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის სახელმწიფოებისა და კავკასიის რეგიონის 80-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს: „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და სერბსკას რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას [ანალოგიური კანონპროექტი იქნა ინიცირებული ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში], პატივი სცენ თავიანთი სახელმწიფოების მიერ ევროპის საბჭოსა და გაეროს ინსტიტუციებში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვან თავისუფალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ფუძემდებლური ძირითადი თავისუფლებები, და უარი თქვან კანონპროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას შეუქცევადი ზიანი მიაყენონ“.

ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი: „მე ვვარაუდობ, რომ აუცილებლად იქნება სანქციები, თუ საქართველოს რესპუბლიკა მსგავს კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ დაარღვია რუსეთზე დაკისრებული სანქციები და ამიტომ, ამ კონტექსტში, მე კარგად წარმომიდგენია, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობას მათ მიმართ, ვინც უზრუნველყოფს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად. ეს [კანონის მიღება] მხოლოდ ერთგვარი სტიმული იქნება სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად”. [კომენტარი „აქცენტთან“].

სამანტა პაუერი, USAID-ის ადმინისტრატორი: „ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმა ადგილას გაჩნდა უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტიდან ამოჭრილი და ჩასმული ვერსია.  და ამის შედეგია – ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციის მიმართ, მსუსხავი ეფექტი სიტყვის თავისუფლებაზე … პრინციპში, უცხოელი აგენტების შესახებ ასეთ კანონს ევროპაში ადგილი არ აქვს. ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ დაცვაცაა საჭირო“.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: „დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების სავარადო ჩარევას… შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ იქნება მიღებული, შეაფერხებს საქართველოს მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების შესაძლებლობას, გააგრძელონ ქვეყნის დახმარება დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“.  

შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „საქართველოს მიესალმებიან ევროკავშირის ოჯახში… როგორც საქართველოს მეგობარი, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ ვეუბნებით საქართველოს, რომ ეს პროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ, გადაწყვეტილება თავად საქართველომ უნდა მიიღოს“.  [განცხადება ჟურნალისტებისთვის].

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს ადგილი ევროპაშია. ნუ გადაუხვევთ ამ ოცნებისგან“.

ჰანკე ბრუინს სლოტი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს ევროპულ გზას ზიანი მოუტანოს“.

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში: „ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო. საქართველოსთვის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი საკანონმდებლო ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ უწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version