კვლევა: თანამდებობის პირები ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებენ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ ცოტა ხნის კვლევა გამოაქვეყნა.  კვლევაში ხაზგასმულია, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება გარკვეულ რისკებს შეიცავს, რაც დაკავშირებულია საჩუქრის სანაცვლოდ საჯარო მოსამსახურისგან სარგებლის მიღებასთან და საჯარო სამსახურის რეპუტაციის შელახვასთან. ასევე, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კორუფციულ სქემასთან, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლების დამალვას და მისი ძვირადღირებული საჩუქრის სახით ლეგალიზებას.

საკანონმდებლო ჩარჩო

საჯარო მოსამსახურეების მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რისკები საკანონმდებლო რეგულირების საგანს წარმოადგენს. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით ,„საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.“ ასევე, კანონი აწესებს შეზღუდვებს საჯარო მოსამსახურის მიერ მიღებული საჩუქრის ღირებულებაზე. საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ნათქვამია კვლევაში.

IDFI-ის ინფორმაციით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის, კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის N200 დადგენილება საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით დამატებით წესებს ადგენს. მაგალითად, დადგენილების მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს შიდა წყაროდან ქველმოქმედების მიზნით მიღებული საჩუქარი.

საქართველოს კანონმდებლობით, თანამდებობის პირი ვალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახოს მისი და მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს.

დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები

IDFI-მ აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ 2020-2022 წლებში წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგი განახორციელა და დაადგინა:

თანამდებობის პირების მიერ მიღებული ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები

ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მშობლებისგან მიღებულმა სოლიდურმა ფულადმა საჩუქრებმა, რამაც ასეთ შემთხვევებში გამჭვირვალობის აუცილებლობა გამოავლინა.

2021-2022 წლების დეკლარაციების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა მშობლებისგან 2 წლის განმავლობაში 300 ათასი ლარის ოდენობის ფულადი საჩუქარი მიიღო. ასევე, 2023 წელს პრემიერ-მინისტრმა კერძო მიზნებისთვის ჩარტერული რეისით იმგზავრა სამთავრობო თვითმფრინავით, ხოლო ამ რეისის ხარჯების დაფინანსების წყაროდ მისი მშობლისგან მიღებული ფინანსური დახმარება დასახელდა. IDFI აცხადებს, რომ მართალია საქართველოს კანონმდებლობა პრემიერ-მინისტრს მშობლებისგან მსგავსი ფულადი საჩუქრების მიღებას არ უზღუდავს, თუმცა კითხვებს აჩენს მშობლების ფინანსების წარმომავლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი, უმეტესწილად განპირობებულია ცალკეული პირების მიერ ახლო ნათესავებისგან მიღებული ძვირადღირებული საჩუქრებით. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ 2020-2021 წლებში ბებიისგან და დედისგან საჩუქრად მიიღო ფულადი თანხა 430 ათასი აშშ დოლარი. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სამმართველოს უფროსმა ლიანა ლატარიამ 2020-2021 წლებში მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 804,765 ექვივალენტი ლარის ღირებულების საჩუქრები, მათ შორის, 119 ათასი ევროს ღირებულების Porsche 911 CARRERA 4S, საცხოვრებელი ბინა ღირებულებით 100 ათასი აშშ დოლარი და ფულადი თანხა 60 ათასი ლარი.

დასკვნა

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საჯარო სამსახურში საჩუქრის პოლიტიკის მოწესრიგების და აღსრულების კუთხით, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის არასრულფასოვანი რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. IDFI-ს თქმით, ცალკეული შემთხვევების კანონიერების დადგენას მნიშვნელოვნად ართულებს თანამდებობის პირების მიერ არასრულყოფილად შევსებული დეკლარაციები.

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას. „ამასთან, კვლევაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს მნიშნელოვან საფუძველს არაერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებული საჩუქრის კანონიერების დასადგენად, დამატებითი მოკვლევის ჩასატარებლად“, – აცხადებს ორგნიზაცია.

IDFI მოუწოდებს:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version