ISFED-ის პოლიტიკის დოკუმენტი:  პოლიტიკური ფინანსები საქართველოში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ის მთავარი საკითხები, რომლებიც პოლიტიკურ ფინანსების კუთხით არსებობს, საქართველოს კანონმდებლობით „მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია“, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამ კუთხით არსებობს, არის ფინანსური უთანასწორობა, რასაც ძირითადად ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ, სხვა პარტიებთან შედარებით, გაცილებით მეტი შემოწირულებების მოზიდვის პრაქტიკა განაპირობებს.

პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზდა პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ჩამოყალიბებული პრაქტიკა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, საქართველოში პოლიტიკურ ჯგუფებს შეუძლიათ დაფინანსების კერძო წყაროებიდან მიღება, როგორიცაა კომპანიები და ფიზიკური პირები, ასევე არსებობს პარტიის მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღების პირდაპირი და ირიბი გზები. თუმცა, მთავარი პრობლემაა მმართველი პარტიის დომინირება თანხების მოზიდვაში. ეს სიტუაცია პოლიტიკურ კორუფციას უწყობს ხელს: თითქმის ყოველ საარჩევნო ციკლში ფიქსირდება ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის შემომწირველები სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტებს და ქონებას იღებენ.

საქართველოში სახელმწიფო დაფინანსებას იღებს ყველა ის პარტია, რომელიც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების მინიმუმ 1%-ის მიღებას შეძლებს. შედეგად, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ახლადშექმნილ პოლიტიკურ პარტიებს უჭირთ დაფინანსების მიღება, რადგან სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით უზრუნველყოფს. ზოგადად, უმსხვილესი ქართული პოლიტიკური პარტიები დიდად არიან დამოკიდებულნი სახელმწიფო დაფინანსებაზე.

კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის ან დროებით შეჩერების ისეთ საფუძვლებსაც, რომლებიც, ISFED-ის თქმით, კარგ საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება. მაგალითად, პარტიამ შეიძლება დაკარგოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

ის პარტიები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, გარდა პირდაპირი დაფინანსებისა, დამატებით იღებენ პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობის 30%-ს, თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყო. კანონის თანახმად, ეს დამატებითი დაფინანსება ქალთა ორგანიზაციების მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს. თუმცა, პოლიტიკურ პარტიებთან ISFED-ის განხილვებმა გამოავლინა, რომ ეს დაფინანსება ხშირად ზოგად პარტიულ საჭიროებებს ხმარდება.

2023 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველი უწყება სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყო, სექტემბრიდან კი ეს ფუნქციები ახლად შექმნილმა უწყებამ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადმოიბარა. წლების განმავლობაში მთავარი პრობლემა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მანდატის თვალსაზრისით ჰქონდა, იყო ის, რომ ამ უწყებას სისხლის სამართლებრივი გამოძიების უფლებამოსილებები არ გააჩნდა, რის გამოც, პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების შესწავლის კუთხით უკიდურესად არაეფექტიანი იყო. ვინაიდან არც ანტიკორუფციულ ბიუროს გააჩნია ეს ფუნქცია, ISFED ამ უწყებასაც იმავე პრობლემას უწინასწარმეტყველებს.

ISFED-ის თქმით, ინსტიტუციის დამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც ანტიკორუფციული ბიურო, სავარაუდოდ, ვერაფრით იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე უკეთესი, რადგანაც ბიუროს უფროსს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

„სამართლიანი არჩევნები“ შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

საქართველოს პარლამენტს

პოლიტიკურ პარტიებს

ანტიკორუფციულ ბიუროს

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version