რუსეთის საოკუპაციო ძალები ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ამაგრებენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, რომელიც საოკუპაციო ხაზთან რეგულარულად პატრულირებს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ამაგრებენ საგუშაგოებს.

მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა წერს, რომ ამჯერად ორჭოსანი-ხურვალეთის მონაკვეთზე ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით 2 კილომეტრში დამატებითი თავდაცვითი ზღუდეს მოწყობა მიმდინარეობს.

იმავდროულად, რუსეთის საინჟინრო დანაყოფი აქტიურად თხრის და ამზადებს კაპიტალურ სასანგრე სისტემას.

ინფორმაციას თან ახლავს დრონით გადაღებული კადრები.

ქაცარავა წერს, რომ ჯგუფმა მსგავსი საინჟინრო სისტემები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში თამარაშენში, ღოგეთში, ჯარიაშენში, ახმაჯსა და ხურვალეთში დააფიქსირა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო ავიწროებენ. ოკუპანტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი ტაძრის კარები აჭედეს, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნაში ხელი შეუშალეს. ამასთან, ემუქრებოდნენ, რომ თუ ეკლესიას მიუახლოვდებოდნენ, ხელბორკილებს დაადებდნენ, დააპატიმრებდნენ და ცხინვალში წაიყვანდნენ.

Civil.ge კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ოფისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; კომენტარი მიღებისთანავე აისახება სიახლეში.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version