საქართველოს პარლამენტმა 13 ივნისს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
თავდაპირველად, კანონპროექტი კენჭისყრაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დააყენეს, რომელსაც მხოლოდ 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი (26-მა წინააღმდეგ მისცა ხმა).
შემდეგ კი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს კენჭი, რომელსაც დეპუტატებმა 82 ხმით დაუჭირეს მხარი, 9 დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
დღეს მიღებული ცვლილებებით, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთი – პირველი ვიცე-პრეზიდენტი დაემატება, რომელიც ბანკის პრეზიდენტის არყოფნაში მის მოვალეობას შეასრულებს.
დაგეგმილმა ცვლილებებმა ოპოზიციისა და ექსპერტების კრიტიკა გამოიწვია. სულ ბოლო კრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა. ცვლილებების თანახმად, ბანკის საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს, როლი ვინაიდან, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)