პრეზიდენტი ზურაბიშვილი Bloomberg-ს ესაუბრა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცემა Bloomberg-ს ესაუბრა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირში ქვეყნის მისწრაფებები განიხილა.

ჟურნალისტის კითხვაზე – თუ როგორია პრეზიდენტის პოზიცია „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ვინაიდან საქართველო ელოდება ევროკავშირის პასუხს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და ახლა „შედეგი უნდა დავდოთ“. „სწორედ აქ ჩნდება ეს კანონი სრულიად არსაიდან და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ყველა რეკომენდაციას – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, გამჭვირვალობას, ევროპული მომავლის შესახებ  პოლიტიკურ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას“. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული საზოგადოებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაგირება კანონპროექტზე ერთსულოვანი იყო და რომ კანონპროექტის ინიცირებისთანავე, მან საჯაროდ განაცხადა, რომ მას ვეტოს დაადებდა. „საბოლოოდ, ხელისუფლება დანებდა და კანონის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, „ეს არ არის ამ გზის დასასრული, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის გავდივართ. ასე რომ, ეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია“.

კითხვაზე – დააზიანა თუ არა კანონპროექტთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს პოზიციები ევროკავშირთან? – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „არა, ვფიქრობ, რომ პირიქით“. „ამ შემთხვევამ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ როდესაც საზოგადოება ერთიანია, მას საპარლამენტო უმრავლესობის დამარცხებაც კი შეუძლია. ესაა მთავარი“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ყველა გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 80% ევროკავშირის მომხრეა – ამრიგად, ნათელია, რა პოზიცია აქვს საქართველოს მოსახლეობას“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ამ ბოლო პერიოდში, რაც ნაკლებად ნათელი იყო,  ეს ხელისუფლების პოზიციაა, რადგან სწორედ მათ ჩაწერეს კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური პროცესი, რომ საქართველო განაცხადს 2024 წლისათვის გააკეთებდა, უეცრად კი – ნაბიჯებს სხვა მიმართულებით დგამენ. ასე რომ,  მათი პოზიცია გაურკვეველია, საქართველოს პოზიცია კი, ძალიან ნათელია“.

კითხვაზე – არსებობს თუ არა რაიმე კავშირი კანონპროექტის მიღების ინიციატივასა და რუსეთს და მის გავლენას შორის? – პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ახლოსაა რუსულ კანონთან. მისივე თქმით, „რატომ  გადაწყვიტეს ხელისუფლებამ თუ პარლამენტმა ამ მიმართულებით წასვლა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ“.

„ჩვენ ვერ გამოვიცნობთ, რატომ იღებენ პოლიტიკური ლიდერები ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს – ელექტორალური მიზნებისათვის, რუსეთთან კავშირის გამო, თუ ფიქრობენ, რომ რუსეთი მარტივი პარტნიორია, როდესაც ნაკლებად დემოკრატიული ხარ, ვიდრე ევროკავშირი – ეს თქვენ უნდა გამოიცნოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსების შემოდინებასთან დაკავშირებულ კითხვაზე და აწუხებდა თუ არა ეს საკითხი საქართველოს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით? – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს [ოკუპაცია] და სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა სრულად სოლიდარულია უკრაინის მიმართ და პირადად მეც – ჩემი სოლიდარობა ბევრჯერ გამოვხატე, რადგანაც ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვართ“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსების უმეტესობა იმიტომ ჩამოვიდა, რომ „ეშინოდა რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის, ან არ ეთანხმებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი პრეზიდენტის აგრესიას“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა ამ პროცესის კონტროლი. ჩვენ ვერ დავკეტავთ ჩვენს საზღვრებს, ეს არ იქნება სწორი და არ მოდის თანხვედრაში საქართველოს სტუმარმასპინძლობის ტრადიციასთან, თუმცა უნდა ვაკონტროლოთ რაც ხდება, ვინ შემოდის და რამდენი ხნით რჩება, რა სახის სამსახურს იწყებს“. მისივე განცხადებით, გასული წლის მანძილზე არანაირი ინციდენტი არ ყოფილა არც ქართველებსა და რუსებს შორის, და არც რუსებსა და უკრაინელებს შორის. „თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება და არ უნდა მივუშვათ ვითარება ინერციაზე“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version