პრემიერი: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს

„ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს“, – უთხრა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მარტს ჟურნალისტებს ბერლინში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტზე საუბრისას. პრემიერი გერმანიას ტურისტული გამოფენა – ITB Berlin 2023-ის ფარგლებში სტუმრობს, რომელზეც წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.

ამის შემდეგ, პრემიერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუტია და თქვა, რომ „ბევრი“ მათგანი „პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს“. „ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განმარტა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება „არ არის გამჭვირვალე“. „უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა“, – თქვა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ „მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს“.

პრემიერმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონიც მოიხმო, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებმა თარგმნეს და „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტად დაარეგისტრირეს. მიუხედავად ინიციატივის ოპონენტების არაერთი განმარტებისა, რომ ამერიკული კანონი განსხვავებულ დროსა და მოცემულობაში მიიღეს და მისი მიზანიც განსხვავებულია, პრემიერმა მაინც აღნიშნა, რომ „არავის არ გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში“.

„ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მოქმედი ხელისუფლება „ყველაფერს აკეთებს“ იმისათვის, რომ „გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“.

ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მმართველი უმრავლესობა „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაგზავნის და პარლამენტი მათზე მსჯელობას კომისიის რეკომენდაციების შემდეგ განაგრძობს.

„ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე“

„ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე“, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე საუბრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ბოლო 10 წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა „ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა“, რითაც მისივე თქმით, „საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს“.

„ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველსმოკლებულია. გასაგებია, რომ შეიძლება ბევრისთვის იყოს ეს მიუღებელი საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ის გავაკეთოთ“, – განაცხადა მან.

„ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული“

პრემიერმა ოპოზიციის მიმართ კრიტიკა არც ამჯერად დაიშურა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული“ და „ხალხი ამას ხედავს“. ამის მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების შედეგები მოიყვანა, რომელთა მიხედვითაც, მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგები შემცირებულია, მმართველი პარტიისა კი – „კიდევ უფრო მეტად გაზრდილი“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ტრაგედიაა“, რომ „დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლები „ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში“. „მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია“, – ხაზი გაუსვა მან და ამ კონტექსტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის „ჩაბარებაში“ დაადანაშაულა.

„ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე. ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. შემოიყვანეს რუსული ჯარი, ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ომის შემდეგ გახსოვთ, რომ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები“, – უთხრა მან ჟურნალისტებს და დაამატა, რომ ოპოზიციის „აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია – სულ ტყუილად ირჯებიან“.

„იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“], რომ მათი ტელევიზიები პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფ[ს], მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე, რომ ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“.

„ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტი…“

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომსაც შეეხო და გაიმეორა, რომ „უკრაინის ომი არ სრულდება“. „20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ასიათასობით ადამიანია დაღუპული. ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას“.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ისიც გაიმეორა, რომ „ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად“. „ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, – დასძინა მან.

„ევროპარლამენტარებმა სააკაშვილზე რეზოლუციით გვითხრეს, რომ ის მათი აგენტია“

პრემიერი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების მიერ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებული „სამარცხვინო რეზოლუციაც“ გაიხსენა და თქვა, რომ ამით ევროპელმა დეპუტატებმა გვითხრეს, რომ „ბატონი სააკაშვილი არის მათი აგენტი, მათი მსახური იყო“.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს არც მიხეილ სააკაშვილისა და მისი „ბოროტი რეჟიმის“ მიერ ჩადენილი „ბოროტება“ და „მძიმე დანაშაულები“ აინტერესებთ და არც ჩვენი „სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“. „მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ გვაინტერესებს, არც თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი იყო და უნდა გამოუშვათ ციხიდან“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას“.

„ეს მინდა ვუთხრა იმ ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა სჭირდება დღეს ქვეყანას. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი და მათი ეს დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – აღნიშნა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version