იუნესკო გელათის მონასტრის შესახებ ექსპერტთა მისიის ანგარიშს აქვეყნებს

9 თებერვალს, იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის მიერ გელათში ჩატარებული შემოწმების საფუძველზე მომზადებული ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნა. შემოწმება 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში განხორციელდა.

გელათის მონასტრის კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შეფასებისას, ანგარიში ამბობს, რომ „არსებობს ზოგადი საჭიროება, რომ ძეგლის შიდა და გარე საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდეს“. დაუყოვნებელ საჭიროებებს განაპირობებს 2015-2018 წლებში დამონტაჟებულ სახურავებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია ტენიანობის შეღწევა და კომპლექსის მთავარი ეკლესიის შიგნით არსებული ისტორიული ფრესკების დაზიანება. დოკუმენტის თანახმად, საჭირო გადაუდებელი ინტერვენციები უნდა განხორციელდეს მთლიანი ძეგლის კონსერვაციის საერთო პროგრამის შემუშავების პარალელურად, რაც გამოიწვევს არსებული კონსერვაციის გენერალური გეგმის განახლებას. ძეგლის საერთო კონსერვაციის გრძელვადიანი სტრატეგია და მართვის გეგმა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყველა შემდგომი ჩარევა, მათ შორის კედლის მხატვრობის უფრო ფართო კონსერვაციული დამუშავება ეფუძნებოდეს კარგად ინფორმირებულ და ყოვლისმომცველ ხედვას ძეგლის მომავლის შესახებ.

პროცესის სხვადასხვა ხარვეზებს შორის დასახელდა გამოყენებული ტექნიკისა და მასალების არაადეკვატურობა, შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციის ნაკლებობა ან არარსებობა, სამუშაოების სრულყოფილი გეგმის არარსებობა, ძეგლის კონსერვაციის პროცესში ჩართულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა და ა.შ. 

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია: 

კულტურის სამინისტროს გამოხმაურება

გელათზე იუნესკოს დასკვნას საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და თქვა, რომ დასკვნის თანახმად, დღეს, გელათის პრობლემები უკავშირდება სახურავს, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში მოხდა. მისივე თქმით, იუნესკოს დასკვნაში ასევე დადასტურებულია, რომ ტაძარში წყალი ჩადიოდა 2020 წლის ჩათვლით. მანვე საზოგადოებას შეახსენა, რომ ამ პერიოდში, ის, მისი მოაადგილეები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი კულტურის სამინისტროში არ საქმიანობდნენ.

„სახურავის მონტაჟს სრულად ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელი იყო ნიკა ანთიძე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. მინისტრისვე განცხადებით, იუნესკოს დასკვნა ადასტურებს, რომ უცხოელთა ის გუნდი, რომელიც გელათზე სამინისტროს დავალებით მუშაობს, იუნესკოს შეთავაზების საფუძველზე მოიწვიეს. თეა წულუკიანმა იუნესკოს მიერ გაცემულ რეკომენდციებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და არა პოლიტიკური. „ძეგლთან დაკავშირებით საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია“.

კულტურის მინისტრმა გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმის არარსებობის შესახებ იუნესკოს კრიტიკაც აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ „დიახ, ის არ არსებობს, რადგან ის 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ არ დამტკიცებულა“. „იუნესკო ამბობს, რომ 2020 წლამდე განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტაცია არ არსებობს და ეს დოკუმენტაცია ვისაც უნდა შეექმნა და ის ვისაც ამ დოკუმენტაციის შექმნის პროცესზე ე.წ. „ვოჩ დოგის“ ფუნქცია განეხორციელებინა, დღეს ძალიან ბევრს ყვირის“.

მინისტრმა განცხადებაში ყურადღების მიღმა დატოვა იუნესკოს მიერ გამოთქმული სხვა მთელი რიგი შენიშვნები.

ჩუბინაშვილის ცენტრის გამოხმაურება

იუნესკოს დასვკნას და კულტურის მინისტრის განცხადებას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრიც გამოეხმაურა, რომელმაც გელათის რესტავრაციის შესახებ ცოტა ხნის წინ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. ცენტრის თქმით, კულტურის სამინისტროს განცხადების ტექსტში დასკვნა „არსებითად არასწორად არის ინტერპრეტირებული“.

ცენტრის განცხადებით, ანგარიშში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორებიცაა – პროექტის მართვა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, პრობლემის სტრატეგიული ხედვა, დროებითი სახურავის მოწყობა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეთოდოლოგია, არსებითად ემთხვევა გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ 2023 წლის 27 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსს, ისევე როგორც საქართველოს იკომოსის, სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეულ ექსპერტთა დასკვნებს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გელათის პრობლემებზე და, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერ საკითხზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და რეკომენდაციები ემსახურება ძეგლთა დაცვის სფეროში საქმიანი დისკუსიებისა და ფართო საექსპერტო განხილვების პრაქტიკის დამკვიდრებას, რის გარეშეც ეს სფერო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს ვერ გაუტოლდება“, – აცხადებენ ცენტრში და დასძენენ, რომ „დისკუსიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული და შედეგის მომტანი, როდესაც ისინი ჯანსაღ კალაპოტში მოექცევა, მეცნიერთა მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებისგან დაიცლება და, რაც მთავარია, ბოლო პერიოდის მეთოდოლოგიური და მართვის ხარვეზების აღიარებას დაემყარება“.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version