მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს

ელექტროენერგიის მოხმარების „კრიტიკულად“ გაზრდილი მაჩვენებლის გამო შეჩერებული ენერგომიწოდების ფონზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს.

მერიის განმარტებით, „ამოწურულია ყველანაირი რესურსი“ და გათიშულია ელექტროსისტემა. იმისათვის, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის პროცესში „არ შეიქმნას შეფერხება და არ მოხდეს ავტომატური გათიშვა“, მერია ადგილობრივებს ელექტროენერგიის წყაროდან ყველანაირი ტექნიკის (მაინერი, ელექტრო გამათბობელი, მაცივარი და ა.შ) გამორთვას სთხოვს.

„ამის შემდეგ, საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა, შესაძლებლობების ფარგლებში ეკონომიურად მოვახდინოთ ელექტროენერგიის მოხმარება და ჩავრთოთ მხოლოდ ის მოწყობილობები რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში და დასძენენ, რომ „მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“.

მესტიაში, სადაც მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარს, ბოლო წლებია მიწოდების მხრივ პრობლემებია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის გამომმუშავებელი დანადგარის, ე.წ. მაინერის მომრავლებაა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მერიაში აცხადებდნენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც ხშირია დაზიანებები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version