საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა შავი ზღვის ელექტროკაბელის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა და რუმინეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლაე ჩუკემ 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას 1 100 კმ სიგრძის შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექროკაბელის მშენებლობის შესახებ, რომლის მიზანიც აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ტრანსპორტირებაა.  

ბუქარესტში შეთანხმების ხელმოწერამდე გაიმართა პლენარული სესია „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში”.   

პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა, განაცხადა, რომ  შეთანხმება „ევროკავშირს უფრო დააახლოებს ჩვენს პარტნიორებთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ასევე დაგვეხმარება, რომ ჩვენს რეგიონებში უფრო სუფთა ენერგიისა და ენერგომატარებლების მიწოდება მოხდეს“.  

მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსული წიაღისეული საწვავისთვის გვეთქვა უარი და მრავალფეროვანი გაგვეხადა ჩვენი სანდო ენერგო პარტნიორები, ისეთი პარტნიორები, როგორიც აქ, ამ დარბაზში იმყოფებიან“.  

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტოკაბელი იქნება ახალი გადამცემი ხაზი, რომელიც სავსეა ახალი შესაძლებლობებით“. „ეს პროექტი საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და ევროკავშირის ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე მის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მან 

თავის მხრივ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ“.  

შეხვედრის მასპინძელმა რუმინეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ “დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს განახლებადი ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული პოტენციალის გამოყენება, რათა განვითარდეს მწვანე ელექტროენერგიით ვაჭრობა ერთი მხრივ, აზერბაიჯანსა და საქართველოს და მეორე მხრივ, ევროპას შორის”.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირი 17 მილიარდ ევროს გამოყოფს, საიდანაც 2.3 მილიარდი ევრო საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას მოხმარდება.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version