აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თბილისს სტუმრობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, მუხთარ ბაბაევი თბილისს სტუმრობს, სადაც იგი 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

მათვე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი „საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა“.

მანვე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტი გაიხსენა და თქვა, რომ მის ვიზიტს „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს“.

ოთარ შამუგიასთან შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ოთარ შამუგიამ და მუხთარ ბაბაევმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აზერბაიჯანის დელეგაციას გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„გარემოს დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – ხაზი გაუსვა მან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსვე ცნობით, თავის მხრივ, მუხთარ ბაბაევმა ოთარ შამუგიას საიმედო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და წყლის რესურსების, ტყის მდგრადი მართვის და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

„საქართველოს გარემოსდაცვითი კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. საუბარი ეხება სატყეო რეფორმის, წყლის რესურსების მართვის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება საყოველთაო პრობლემაა“, – წერს უწყება ბაბაევის სიტყვებზე დაყრდნობით.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version