არასამთავრობოები: მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის საბჭოში დაბრუნება კლანურ მმართველობას აძლიერებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-ზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 24 ოქტომბერს მოსამართლეთა 31-ე კონფერენციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის ხელახლა არჩევა „აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას“.

არასამთავრობოების შეფასებით, 23 ოქტომბერს გამართული მოსამართლეთა კონფერენცია იმის მკაფიო მაგალითია, „თუ როგორ არ უნდა კომპლექტდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“. კერძოდ, კოალიციის თქმით, კითხვებს ბადებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ერთ-ერთი მოსამართლე წევრის ვადაზე ადრე გასვლა, ამასთან უცნობი იყო საბჭოს წევრობის კანდიდატურებიც და ორ ვაკანტურ პოზიციაზე მხოლოდ ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

კოალიციის წევრი ორგანიზაციების თქმით, კონფერენციაზე დამსწრე 279 მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დასახელებულ კანდიდატურებს მხარი ისე დაუჭირა, რომ არც საბჭოს ძველი წევრების წასვლის მიზეზებით დაინტერესებულა და არც ახლადარჩეული წევრების გეგმებით.

„მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ახალი მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი აჩენს განცდას, რომ საბჭოში ორი პოზიცია დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძისთვის გათავისუფლდა. მურუსიძის და გვრიტიშვილის გვარები კი პირდაპირ უკავშირდება სასამართლო სისტემაში არაფორმალურ გავლენებსა და კლანურ მმართველობას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციისვე შეფასებით, მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში ხელახალი არჩევა არის პირდაპირი პასუხი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის ნება და რომ საერთაშორისო პარტნიორების „არაერთი მოწოდების“ მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „კვლავ განაგრძობს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას და ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად“.

„მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო ამცირებს სასამართლოს სისტემური რეფორმის შესაძლებლობებს და აზიანებს ისედაც შელახულ ნდობას სასამართლოს მიმართ“, – აცხადებენ არასამთავრობოები დ მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პოზიციებზე პირების ამგვარი პროცესებით დანიშვნა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შინაარსსაც ეწინააღმდეგება.

აღნიშნულის განთვალისწინებით, კოალიციის წევრი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ „გავლენიან მოსამართლეებთან თანმშრომლობა და მათზე პარტნიორების რესურსების დახარჯვა, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კლანის ქმედებები მხოლოდ მათი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენაა მიმართული, სისტემის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version