მოსკოვს დისკუსიების ჟენევიდან „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანა სურს 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების „ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანის საკითხი დააყენა.

განცხადება 20 ივნისს მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების მართვის საკითხებში, ტოივო კლაარს, გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუსა და ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ვიორელ მოშანუს შეხვდა.

საკუთარი მოთხოვნის მიზეზად რუსეთის საგარეო უწყებამ „აშშ-ის, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის ნაბიჯების დესტრუქციულობა“ დაასახელა, რაც „ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის“.

„ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ჩამოყალიბებისა და დასავლეთის ქვეყნის ძალისხმევის გათვალისწინებით, რომ კონფრონტაციის ლოგიკა სამხრეთ კავკასიაზე გადაიტანონ, ცალსახა პრიორიტეტად უნდა დარჩეს თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება ცხინვალთან და სოხუმთან, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის პროცესის დაწყება“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც მარტში იგეგმებოდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და რუსეთისთვის ევროპის ცის დიდი ნაწილის ჩაკეტვის გამო გადაიდო.

მანამდე, რუსეთის მსგავსი ბრალდებების საპასუხოდ, ტოივო კლაარმა „სამოქალაქო საქართველოსთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა – „ბოლო რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცესის დასაცავად და იმგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც საერთაშორისო გარემო, განსაკუთრებით ომი უკრაინაში, უარყოფითად აისახებოდა თავად რაუნდის მსვლელობაზე და, შესაბამისად, მთლიანად დისკუსიებზე“.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version