მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებით „დაბალანსებულ“ პოლიტიკას გაატარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 იანვრის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულის გაკვეთილს ისწავლის და რუსეთთან მიმართებით უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს.

სამინისტროს თქმით, მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნის ერთგული რჩება, რაც გულისხმობს არსებული უთანხმოებების დაძლევას, ასევე ორმხრივი ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებას. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი პროცესი უნდა იყოს „ქუჩა ორმხრივი მოძრაობით“.

განცხადება ნატოს მოკავშირე სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო, ასევე ნატოს არგაფართოების მოთხოვნის თაობაზე ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გაკეთდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ფრენების აკრძალვის საკითხსაც შეეხო. საქმე ეხება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 2019 წლის გადაწყვეტილებას, რომლის მიზანიც „რუსეთის მოქალაქეების ძალადობისა და სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვა“ იყო მას შემდეგ, რაც რუსი კომუნისტი დეპუტატები, სერგეი გავრილოვი თბილისიდან გააძევეს.

სამინისტრომ განაცხადა, რომ აკრძალვის გაუქმების პირობები „კარგადაა ცნობილი“ ქართული მხარისთვის. „საქმე ეხება საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრას, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

2019 წლიდან კრემლმა არაერთხელ მიმართა საქართველოს ანალოგიური მოთხოვნით, თუმცა თბილისი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ჯერ კიდევ 2020 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არც მოსკოვის მიერ ფრენების შეწყვეტამდე ემუქრებოდათ და არც მას შემდეგ, „მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებდა [რუსეთიდან]“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს, ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით რუსეთი 212 979 ადამიანით თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა. 2020 წელს ის 208 677 ვიზიტორით თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო. 2019 წელს 1 471 558 ვიზიტორით აზერბაიჯანის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, 2018 წელს კი – ასევე აზერბაიჯანის შემდეგ 1.4 მლნ ვიზიტორით მეორე ადგილს იკავებდა.

საქართველო ასევე უარს აცხადებს ორმხრივი ურთიერთობების აღდგენაზე და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ხელახლა დამყარებას გამორიცხავს, სანამ ის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციისკენ არ გადადგამს ნაბიჯებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version