სასამართლომ სააკაშვილის ჩანაწერებზე იუსტიციის სამინისტროს მიმართ ინსპექტორის გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების შესახებ.

სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 30 დეკემბერს მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა. სამსახური 2022 წლის მარტიდან შეწყვეტს მუშაობას და მის ნაცვლად ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები ამუშავდება.

გუშინ ინსპექტორის სამსახურმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებას 1 მარტამდე ჩაბარდებათ, რათა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ინსპექტორის სამსახურმა 2021 წლის 3 დეკემბერს დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 44-ე დაარღვიეს, რისთვისაც სამინისტრო 500 ლარით, პენიტენციური სამსახური კი – 2 000 ლარით დააჯარიმა.

ინსპექტორის სამსახურის განცხადებით იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველები ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ასევე ფოტომასალა ამ დრომდე არ წაუშლიათ.

ამავე განცხადებით, ამის ნაცვლად სამინისტრომ და სამსახურმა 17 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ცალ-ცალკე გაასაჩივრეს.

ინსპექტორის სამსახურმა გააკრიტიკა სასამართლოს მიერ საკითხის წინასაახალწლოდ, „უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში“ განხილვა და თქვა, რომ საქმეზე მოსმენა 28 დეკემბერს ჩაინიშნა, რის შესახებაც სამსახურს მხოლოდ 3 დღით ადრე აცნობეს.

სამსახურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მასალების წარსადგენად და სხდომებისთვის მოსამზადებლად არაგონივრულად მცირე ვადა განუსაზღვრა, სამსახურმა მასალები განსაზღვრულ ვადაში სრული მოცულობით წარადგინა.

განცხადების თანახმად, ინსპექტორის სამსახურმა ორივე სარჩელის განმხილველ მოსამართლეებთან საქმეთა გაერთიანება ითხოვა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

პენიტენციური სამსახურის საჩივარს საქალაქო სასამართლო 13 იანვარს განიხილავს.

საქალაქო სასამართლოს გამოხმაურება

ინსპექტორის სამსახურის განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოფიციალური განცხადებით უპასუხეს და საქმის „დაჩქარებულ ვადებში“ განხილვის შესახებ ინსპექტორის განცხადება „მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის“ გავრცელების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასეს.

სასამართლოს განმარტებით, საქმე კანონით დადგენილ ვადებში განიხილეს, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებისთვის ისედაც შემჭიდროებული ვადა – 1 თვეა განსაზღვრული.

რაც შეეხება საქმეების გაერთიანების შუამდგომლობაზე უარს, საქალაქო სასამართლოში განაცხადეს, რომ ვინაიდან სხვადასხვა სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ იყო შედგენილი, „სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას“.

საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს „რეალურ ფაქტებზე“ დაფუძნებული და „მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი“ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version