მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი გამოაქვეყნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს კიევიდან საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება, რამდენადაც იგი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული. პარალელურად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფილი პრეზიდენტის დასახვედრად მისი მხარდამჭერები ემზადებიან.

სექტემბრის დასაწყისში, პარტია კანონი და სამართლის დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში მშვიდობიანად დასაბრუნებლად „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა, რომელშიც მისივე თქმით, უკვე 80 000-ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა.

2018 წელს ყოფილ პრეზიდენტი სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დამნაშავედ ცნო. კერძოდ, მას შს სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების შეწყალებისთვის, რომლების სანდრო გირგვლიანის გახმაურებულზე საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულები, სამი წელი მიუსაჯეს. ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე კი – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში „დესტაბილიზაციისა“ და „ქაოსის“ შემოტანის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს“. „როგორც კი [სააკაშვილი] შემოვა ჩვენს მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

პრემიერისვე თქმით, განცხადებები, რომ მოქალაქეები მის დასაცავად გამოვლენ, არის „სიცრუე“. „რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს“, – დასძინა მანვე.

მოცემული მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქვეყნის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. 2017 წელს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რომელიც მას ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს დაუბრუნა.

2015-2016 წლებში, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე მსახურობდა, თუმცა პრეზიდენტ პოროშენკოსთან უთანხმოების შემდეგ, მან თანამდებობა დატოვა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვისა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version