რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ჩაშლას ეხმიანება 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, მოსკოვმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი ჩაშალა.

პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ზახაროვამ თბილისის ბრალდებას „უსაფუძვლო და პოლიტიზებული“ უწოდა და საქართველო წინასაარჩევნო პერიოდში „ანტირუსულ თამაშში“ დაადანაშაულა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება 51-ე რაუნდის ჩატარებისგან თავის შეკავების შესახებ რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დელეგაციებმა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ლოჯისტიკური პრობლემების გამო მიიღეს. „ალტერნატივის სახით, შევთავაზეთ გადადებული რაუნდის ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარება იმავე ვადებში, რაც თანათავმჯდომარეებს ხელს არ აძლევდათ“, – განაცხადა ზახაროვამ.

„რუსულ მხარეს არასდროს უთქვამს უარი საქართველოსთან დიალოგზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. მიუხედავად კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებისა, ჩვენ აქტიურ ძალისხმევას მივმართავთ მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „მიმდინარე წლის აპრილიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ხუთი ვიდეოკონფერენცია გამართა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო შეშფოთება გამოხატა და მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version