საპარლამენტო კვირა: 8-12 აპრილი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 8 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდა, რასაც ცალკეული ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლები მოჰყვა. რიგგარეშე სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა მესამე მოსმენით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს უყარეს კენჭი, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ისახავს მიზნად. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ამით გამოსაშვები სასკოლო გამოცდები გაუქმდა.

საკომიტეტო სხდომები

11 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხვა საკითხებთან ერთად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და კიდევ 12 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტი დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების დახვეწას ისახავს მიზნად. კომიტეტის წევრებმა განხილვის შემდეგ, კანონპროექტის მხარი არ დაუჭირეს.

11 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, მეორე მოსმენით „საქართველოს შრომის კოდექსში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილების პაკეტზე იმსჯელეს. კანონპროექტი შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ცვლილებათა პაკეტი, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრასთან ერთად, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, შესაბამის სანქციებსაც ითვალისწინებს.

11 აპრილს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარმოადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია:

საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, ასევე მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა; ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა და ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძლება ფლობდეს: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი; საჯარო სამართლის იურიდიულ პირი; საქართველოს მოქალაქე; საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი.

პროექტის თანახმად, დომინანტი პარტნიორი არის საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორი ან პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის წილის/აქციის/პაის 50%-ზე მეტი ან/და წარმოადგენს პარტნიორების ან დამფუძნებლების/წევრების უმრავლესობას და აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს იურიდიული პირის გადაწყვეტილებაზე.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

ამავე სხდომაზე 32 პარლამენტარის მიერ ინიცირებული კანოპროექტიც განიხილეს, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსსა“ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტი მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირეს.

ვიზიტები

შეხვედრები

სხვა ღონისძიებები

პარლამენტის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 30 წელი გავიდა.

9 აპრილს დოჰაში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. ბიურომ მის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

10 აპრილს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაა დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც ზურაბ ჟვანიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ასამბლეამ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version