საპარლამენტო კვირა: 11-16 მარტი

ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი დაამტკიცეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, დეპუტატების წინაშე მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარსდგება.

განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში დარეგისტრირდა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა TBC ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ბიუროს სხდომაზე ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტებიც დარეგისტრირდა.

ახალი გადანაწილება პარლამენტში

ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს დეპუტატების გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატებიდან“ გასვლის შესახებ მიმართვა. ასევე ამავე ფრაქციის წევრების სულხან მახათაძისა და რომან მუჩიაშვილის ფრაქციიდან გასვლისა და ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ განცხადება.

დეპუტატებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ წევრის იოსებ მაკრახიძის ფრაქციიდან გასვლისა და მისი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველებში“ გაწევრიანების შესახებ განცხადება.

პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველებიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა. რუსლან პოღოსიანი “ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატებიდან“ გავიდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა.

უმრავლესობა და ფრაქცია სოციალ დემოკრატების რიგები დატოვა კიდევ ერთმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა. დეპუტატი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაწევრიანდა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. აღნიშნულ კომიტეტს 2018 წლის დეკემბრამდე დეპუტატი თავადვე ხელმძღვანელობდა.

დამფუძნებელი კრების 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 11 მარტს სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმში, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ქალებმა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი პერიოდი მიმოიხილეს და ქართული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.

12 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტს სხვადასხვა მეგობარმა ქვეყნებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე მიულოცეს.

საკომიტეტო სხდომები

11 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტი განიხილა.

კანონპროექტი დეპუტატებს ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ წარუდგინა. კანონპროექტი პარლამენტის მიერ გასულ წელს უკვე მიღებული და 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში რეგულაციების შესახებ მე-7 და 21-ე მუხლების 2020 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას ითვალსიწინებს.

დეპუტატის განცხადებით, ევროპულ საქართველოს ასევე ცალკე პროექტი აქვთ, რომელიც დაგროვებითი პენსიის სქემაში ნებაყოფლობით ჩართვის პრინციპზეა აგებული. კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

სხვა საკითხებთან ერთად კომიტეტზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს “ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ პროექტს.

11 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ტყის კოდექსი“ თანმდევ პროექტებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ტყის სრულიად ახალი განმარტება და შესაბამისად, ახლებურად მოხდება ტყის საზღვრების დადგენა და ჩატარდება შესაბამისი ინვენტარიზაცია. ამასთან, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაცემა სრულიად უქმდება და შემოდის ტყის მრავალფუნქციური სარგებლობის პრინციპები, რაც გულისხმობს, რომ ტყე თავისი არსით დაიყოფა კატეგორიებად – იქნება სხვადასხვა კატეგორიების ტყე, რომელიც სხვადასხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

გარდა ამისა, საქართველოს ტყე მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით რამდენიმე კატეგორიად დაიყოფა: დაცული ტყე, დაცვითი ტყე, საკურორტო და სარეკრეაციო ტყე, სამეურნეო ტყე.

13 მარტს ტყის კოდექსის კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც.

13 მარტს ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

13 მარტს „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტმა სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად „ტყის კოდექსი“ და მისი თანმხლები 22 კანონპროექტიც განიხილა.

13 მარტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი პრინციპები გააცნო.

ციხელაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების დაკავებებია. „მათ უწევთ ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრება, საფრთხე დიდია, დაკავებები განსაკუთრებით გაზრდილია ჩვენი მოქალაქეების აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვლისას“, განაცხადა მინისტრმა. არსებული პრობლემების მიუხედავად სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს.

14 მარტს საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 2019-2022 წლების ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და ევროინტეგრაციის საკითხებზე ანგარიში წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრთან მწვავე კითხვები ძირითადად ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს ჰქონდათ. მათ ზალკალიანს კითხვები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშრებით დაუსვეს. ისინი რუსეთთან მიმართების საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებითაც დაინტერესდნენ.

15 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა , რომელიც უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს.

15 მარტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების კრიტერიუმების შესახებ სამი კანონპროექტი განიხილეს. ერთი პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის წევრი დეპუტატების მიერ მომზადებული, მეორე უმრავლესობის ყოფილი წვერის ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის და მესამე ევროპული საქართველოს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს კენჭი სავალდებულო წესით უყარა და მხარი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დაუჭირა. კანონპროექტის განხივლვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდა.

16 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა და პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად დაამტკიცა „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ პროექტს. ამის შემდეგ, კომიტეტში რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს. მათ შორის იყო „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს. სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზეც მსჯელობა გააგრძელეს.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივა

11 მარტს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ ახალ ინიციატივაზე მუშაობის დაწყების შესახებ აცნობა. მისი თქმით, იგეგმება ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას გულისხმობს და რომელიც გარანტი იქნება იმის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმის დასრულებამდე და ნდობის მანდატით აღჭურვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.

ვიზიტები

შეხვედრები

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version