საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პარლამენტები რუსეთის „აგრესიულ ქმედებებს“ გმობენ

რუსეთის ქმედებები ქერჩის სრუტეში „საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“ და უკრაინის წინააღმდეგ „პირდაპირი სამხედრო აგრესიის პოლიტიკის გაგრძელებას“ წარმოადგენს, ნათქვამია საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 27 დეკემბრის ერთობლივ რეზოლუციაში.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა „მკაცრად გმობს“ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ქერჩის სრუტეში და უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას „ურყევ მხარდაჭერას“ უცხადებს.

„სამი ხელმომწერი სახელმწიფოს პარლამენტები არასდროს შეურიგდებიან რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებით ოკუპაციასა და ანექსიას და უკანონო ქმედებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საპარლამენტთაშორისო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას „ხომალდების დაბრუნებისა და უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მოსამსახურეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ასევე, ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში თავისუფალი საერთაშორისო ნაოსნობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს“.

ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ზომები მიიღოს, ასევე ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს „აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებს პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version