ევროპული საქართველო ოპოზიციას პროპორციულ არჩევნებზე კოორდინაციისკენ მოუწოდებს

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანის გიგი უგულავას განცხადებით, იმისათვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა აიძულონ,  ოპოზიციური პარტიების კოორდინაციაა საჭირო.

ამის შესაებ უგულავამ 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა „მეორე პლანზე უნდა გადავდოთ ის საკითხები, რაც განგვასხვავებს და ვფოკუსირდეთ მთავარზე – ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის“. მისი განმარტებით, ამ მიზნით „საერთო პლატფორმა“ უნდა შეიქმნას.

უგულავას განცხადებით, საზოგადოებას სურს, რომ „ვიყოთ უფრო აქტიურები, უფრო რადიკალურები და ამავდროულად, მოვძებნოთ ბრძოლის სხვადასხვა გზები, მათ შორის ინოვაციური, კრეატიული, შემოქმედებითი ახალი საშუალებებით“.

„ჩვენ უნდა დავიაროთ მთელი საქართველო და ადამიანებს ავუსხნათ, რომ დღეს ცუდად ცხოვრობენ იმიტომ, რომ ხელისუფლება არის თავგასული. თავგასულია იმიტომ, რომ მას მიტაცებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ცუდად ვცხოვრობთ იმიტომ, რომ არ არის სწორი პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა მან.

„ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე, ეს არის საქმე, რომელიც ყველა ოპოზიციამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, თავისი ტემპერამენტით, თავისი ამომრჩევლის შეხედულების მიხედვით, ჩვენ, ჩვენი საქმე, ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ კოორდინაციით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ერთ მილიონ ადამიანზე მეტი ამ ცვლილების მომხრეა.

შემდეგ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. „სალომე ზურაბიშვილმა უნდა გასცეს პირველ და მთავარ შეკითხვას პასუხი ამ წუთს, უჭერს თუ არა ის საქართველოში პროპორციულ არჩევნებს მხარს, უჭერს თუ არა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის“, – განაცხადა მან.

უგულავამ 16 დეკემბრის აქციის შისაუბრა და ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აქციის მართვას საქართველოს კონსტიტუციის „უხეში დარღვევა“ უწოდა. მისი თქმით, პოლიციას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დავალება მისცეს, რომ ხალხის მიერ პროტესტის თავისუფალი და მშვიდობიანი გამოხატვისთვის ხელი შეეშალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version