საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით

„ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.  

„[ეს] გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით“, – განაცხადა სამინისტრომ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზზე რეგულარულად ხდება ადამიანთა უკანონო დაკავებები და გატაცებები, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ამგვარი მდგომარეობა „კიდევ უფრო გაართულა აფხაზეთის მიმართულებით ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვამ“.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ გრძელდება ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შელახვა“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. „მაშინ, როცა ასობით ათასი ადამიანი გამოდევნილია საკუთარი სახლიდან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილ ძირძველ ქართველ მოსახლეობას თავის მიწა-წყალზე, როგორც უცხოელებს, ისე ექცევა“.

„გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვის კვალდაკვალ, მომავალი სასწავლო წლიდან ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებშიც იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს მეტ იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და მიზანმიმართულად უშლის ხელს მათ ჰუმანიტარულ კონტაქტებს დანარჩენ საქართველოსა და მსოფლიოსთან“.

თუმცა, მიუხედავად რუსეთის „პროვოკაციული ქმედებებისა“, საქართველოს მთავრობა თავისი სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული რჩება. „რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველო პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და კონსტრუქციული ჩართულობით ცდილობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევას“.

„მეტიც, იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სისტემატიურად ეწევა ძალის გამოყენებას, საქართველომ არაერთხელ, მათ შორის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. „საოკუპაციო ხაზზე აღმართულ მავთულხლართებსა და ხელოვნურ ბარიერებს კი საქართველოს მთავრობა უპირისპირებს ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ინტენსიურ პოლიტიკას“.

„სწორედ მსგავსი რაციონალური და მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად, ზემოხსენებული ურთულესი გამოწვევების პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე  და წინსვლა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა სამინისტრომ და მადლიერება გამოხატა პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამო.

„ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იმავე განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

7 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რათა პატივი მიეგოთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისთვის. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები კი ცხინვალის სამხრეთით მდებარე სოფელ ერგნეთს ესტუმრნენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version