ქართული ოცნების სამი აქტივისტი ‘პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის’ ბრალდებით დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 24 სექტემბერს, რომ „ქართული ოცნების“ სამი აქტივისტი იქნა დაკავებული პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის და მოსყიდვის მცდელობის გამო.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დაკავებულია პოლიციის ერთი თანამშრომელი.

შსს–მ განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის  საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ  მასალას შემდგომი რეაგირებისთვის  საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცემს. ტაბატაძე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში 177–ე ნომერია.

შსს–მ ასევე გაავრცელა, სავარაუდოდ, ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალა, რომელიც სამი ეპიზოდისგან შედგება.

ერთ ჩანაწერზე ასახულია საუბარი ორ მამაკაცს შორის ოთახში; ერთი მამაკაცი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ფულს აძლევს თავის თანამოსაუბრეს, სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ამჟამად დაკავებულია, და ეუბნება, რომ კიდევ 7 500 ლარს მაშინვე მიიღებს, როგორც კი იტყვის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში 29 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე, რომ იგი მიდის პოლიციიდან, რადგანაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე ზეწოლის უკანონო ბრძანებებს იღებდა.

შემდეგ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ აქტივისტი ეუბნება თავის თანამოსაუბრეს, რომ ის 50 000 ლარს მიიღებს იმ ვიდეოჩანაწერის სანაცვლოდ, სადაც პოლიციაში დაკავებულის ცემა იქნება ნაჩვენები. „თუ ეგეთი პიროვნება არ გამოჩნდება დაკავებული, ჩვენი აქტივის ახალგაზრდული ფრთიდან ჩვენ მოგცემთ აქტივისტს, პრობლემა არ არის, ოღონდ ისე არ ქნათ, რომ ცემაში მოკლათ… შენ იცი, როგორ უნდა მოაგვარო… ეს კადრი მომიტანეთ და 50 000 ლარს მიიღებთ“, – აცხადებს მამაკაცი. იგივე მამაკაცი ეუბნება თანამოსაუბრეს, რომ იგივე ოდენობის თანხას მისცემს, თუ ეს უკანასკნელი მიუტანს ვიდეოჩანაწერს, სადაც ახალწვეულთა ცემის ფაქტები იქნება ასახული, ასევე ვიდეოჩანაწერს, სადაც ნაჩვენები იქნება მოსამართლე, რომელიც აცხადებს, რომ მას პროკურატურიდან ზეწოლის ქვეშ გამოქონდა უკანონო განაჩენი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version