ისრაელის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი, რომელიც 9–10 იანვარს საქართველოს სტუმრობს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლების საკითხები იქნა განხილული.

საქართველოს ლიდერებმა თანაგრძნობა გამოუცხადეს ისრაელის პრეზიდენტს იერუსალიმში 8 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში „ერთად დგომის“ საჭიროებაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გამართა, მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, საქართველოსა და ისრაელს შორის, ბიზნესმენთა უფრო აქტიური დაახლოებისაკენ და უფრო აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისაკენ გადაიდგას“.

„ჩვენ გვაქვს ყველა სახელმწიფოებრივი და სამთავრობო ფორმატი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საზოგადოებებისგან და ხალხებისგან ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – აღნიშნა მარგველაშვილმა, რომელიც ისრაელს 2015 წლის ოქტომბერში სტუმრობდა.  

„ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და შესაძლებლობები გავაცანით… ეკონომიკის, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროებში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა, რომლის წინაპირობებიც არსებობს, უახლოეს მომავალში გაღრმავდება“, – დასძინა მან. 

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ისრაელის პრეზიდენტის შეხვედრაზე „ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობა“ აღინიშნა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად. კვირიკაშვილმა ასევე გადაუხადა რივლინს მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის პრეზიდენტმა ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ვაჭრობის დინამიკაზე, ისრაელის კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ვიზიტორების ზრდაზე“, – იტყობინება კვირიკაშვილის ადმინისტრაცია. 

ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

Exit mobile version