ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფების მატებას არ პროგნოზირებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფების მატების აუცილებლობა არ არის მიუხედავად იმისა, რომ 21 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფები გაზარდა.

„თუ იქნება იმის აუცილებლობა, [ეროვნული ვალუტის] კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას და ეს მოხდება, თუ ამასთან დაკავშირებით აუცილებლობა იქნება. დღეს ამის აუცილებლობა არ არის“, – განუცხადა მან 22 დეკემბერს ჟურნალისტებს.

კალაძის თქმით, თბოსადგურებისთვის ტარიფების გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ „ჩვეულებრივი მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელიც ტარიფების დამდგენი ორგანოა, მომავალი წლისთვის სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე 26 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს იმ განაცხადების საფუძველზე, რომლითაც კომისიას „ენერგო პრო ჯორჯიამ“, რომელიც დედაქალაქის გარეთ მილიონზე მეტ აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას  და თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუტორმა კომპანიამ „თელასმა“ ნოემბრის დასაწყისში მიმართეს.

ამ სხდომას წინ უძღვის კომისიის მიერ 21 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება თბოელექტროსადგურების ოპერატორი ოთხი კომპანიის განაცხადის საფუძველზე მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის თაობაზე, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, შესაძლოა, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებაც იყოს.  

ოთხივე კომპანია თავიანთი თბოელექტროსადგურების მუშაობისთვის გაზს 1000 კუბურ მეტრს 143 დოლარად აზერბაიჯანული კომპანია SOCAR–ისგან ყიდულობს.

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის“, რომელიც უმსხვილესი დისტრიბუტორი კომპანიის  „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა და გარდაბნის 110 მეგავატი სიმძლავრის აირტურბინული ელექტროსადგურის ოპერირებას ახორციელებს, ტარიფი 14.120 თეთრით განისაზღვრა კვტ/სთ-ზე, რაც დაახლოებით 66%–იანი ზრდაა მოქმედ განაკვეთთან შედარებით.

შპს „მტკვარი ენერგეტიკა“-ს ტარიფი დაახლოებით 13.5%-ით გაიზარდა და 2017 წლის ბოლომდე 12.194  თეთრით განისაზღვრა კვტ/სთ-ზე. ამ კომპანიის მესაკუთრე არის რუსული კომპანია „ინტერ რაო“, რომელიც კომპანია „თელასის“ აქციების 75.1%–ის მფლობელიცაა. „მტკვარი ენერგეტიკა“ გარდაბანში მდებარე 300 მეგავატი დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურს მართავს. 

მარეგულირებელმა კომისიამ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჰოლდინგის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას, რომელიც გარდაბანში მდებარე კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის ოპერირებას ახორციელებს, მომავალ წლისთვის ტარიფი დაახლოებით 25%-ით გაუზარდა და  14.234 თეთრი დაუწესა კვტ/სთ-ზე.

მეოთხე კომპანია, რომლის ტარიფების ზრდას მარეგულირებელი კომისია ასევე დათანხმდა, შპს „გარდაბნის თბოსადგურია“, რომლის ენერგობლოკის დადგმული სიმძლავრე 239 მგვტ-ია.  ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოდან შესულ ამ თბოელექტროსადგურს არსებული 6.659-დან ტარიფი მომავალი წლისთვის კვტ/სთ-ზე 9.056 თეთრამდე გაეზარდა.

 

 

Exit mobile version