სომხეთის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფ მის სომეხ კოლეგას  ვიგენ სარგსიანს შეხვდა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის მინისტრო 21 დეკემბერს.

მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ანალოგიური შეთანხმება აზერბაიჯანთან ლევან იზორიამ გასულ კვირას ბაქოში ვიზიტის დროს გააფორმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, იზორიამ სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე ყურადღება განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გავლა შესთავაზა.

„ჩვენს ქვეყნებს აქვთ ისტორიულად ძალიან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა.  ორივემ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ეს მომავალშიც უნდა განმტკიცდეს და გაძლიერდეს. ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია, რომ რეგიონში იყოს უსაფრთხოება, მშვიდობა უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მშვიდობა შევინარჩუნოთ და მომავალშიც უფრო განვამტკიცოთ“, – განაცხადა მინისტრმა იზორიამ.

სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომლის დროსაც საუბარი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კეთილმეზობლურ ურთიერთობას, თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

Exit mobile version