2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

პარლამენტმა 14 დეკემბერს 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 2016 წელთან შედარებით გაზრდილი შემოსავლები 9.489  მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 9.121 მლრდ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტში ასევე გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი, რაც  8.82 მლრდ ლარს შეადგენს და 84 მლნ ლარით აღემატება 2016 წელს პროგნოზირებულ 7.98 მლრდ ლარს.

მთავრობა მომავალ წელს საშემოსავლო გადასახადიდან 2.57 მლრდ ლარის; დამატებით ღირებულების გადასახადიდან  – 3.779 მლრდ ლარის; იმპორტის გადასახადიდან – 76 მლნ ლარის და სხვა გადასახადებიდან 87 მლნ ლარის მობილიზებას ელის.

დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს, როდესაც მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდება და კომპანიები მოგების რეინვესტირების ან მისი საერთოდ არ განაწილების შემთხვევაში ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, მთავრობა მოგების გადასახადიდან 681 მლნ ლარის მიღებას ელის, ნაცვლად წელს პროგნოზირებული 980 მლნ ლარის.

მოსალოდნელი დანაკლისის ანაზღაურება საგადასახადო კოდექსში ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარდგენილი ცვლილებებით არის გათვალისწინებული, რომელიც  სხვა მოსაკრებლების გაზრდასთან ერთად, 2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე, მსუბუქ ავტომობილებზე, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდას ითვალისწინებს. შედეგად, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი, წელს არსებული 1.012 მლრდ ლარიდან, მომავალ წელს 1.627 მლრდ ლარამდე იზრდება.

ამასთან ერთად, ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, გრანტების სახით მისაღები თანხების მოცულობა 284.46 მლნ ლარს შეადგენს; „სხვა შემოსავლები“ კი წლევანდელთან შედარებით 65 მლნ ლარით იზრდება და 385 მლნ ლარი ხდება. პრივატიზაციიდან მთავრობა მომავალი წლისთვის 90 მლნ ლარის მიღებას ელის.

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი არის „ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი“ და „თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა და სტაბილურად ცხოვრება უნდა უზრუნველყოს“.

მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის საბიუჯეტო პროგნოზი 4%-ს შეადგენს  – 2016 წელს მშპ-ის 3%-იანი ზრდა იყო განსაზღვრული, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, რომლის დამტკიცება ასევე მოუწევს პარლამენტს,  ამ პროგნოზის 2.7%-მდე შემცირება იგეგმება. ამასთან, 2017 წელს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს, ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.5-იან ნიშნულზეა გაანგარიშებული.

2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, სამინისტროები შემდეგ დაფინანსებას მიიღებენ:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მომავალ წელს 118 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 18-მილიონიანი ზრდაა 2016 წელთან შედარებით.

საქართველოს პარლამენტი მომავალ წელს 52 მლნ ლარს, მთავრობის ადმინისტრაცია 16.5 მლნ ლარს მიიღებს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ 9.8 მლნ ლარით დაფინანსება მომავალ წელსაც, ისევე როგორც 5 მლნ ლარზე უცვლელი დარჩება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა. მომავალ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი წლევანდელთან შედარებით 10 მლნ ლარით ნაკლებს –  40 მლნ ლარს მიიღებს.
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2017 წელსაც  14.5 მლნ ლარს მიიღებს. სახალხო დამცველის აპარატს 300 ათასი ლარით გაეზრდება დაფინანსება და  4.8 მლნ ლარი გახდება მომავალ წელს. არსებული 44.1 მლნ ლარიდან მომავალ წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება 46.4 მლნ ლარამდე გაეზრდება, დამტკიცებული ბიუჯეტის  პროექტის თანახმად.

საქართველოს საპატრიარქო მომავალ წელსაც 25 მლნ ლარს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს, როცა ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგეგმება, 60.5 მლნ ლარით დაფინანსდება – მიმდინარე საარჩევნო წელს ცესკოს დაფინანსება 58.5 მლნ ლარია.

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა არსებული 621.7 მლნ ლარიდან მომავალ საარჩევნო  წელს 675  მლნ ლარამდე გაიზრდება.

ამასთან, ბიუჯეტს დაემატა სრულიად ახალი მუხლი, რაც გულისხმობს 65 მლნ ლარის ოდენობის ერთჯერადი სუბსიდიის გამოყოფას მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ე.წ. ლარიზაციის გეგმის ფარგლებში. ეს გეგმა, რომელიც 2017 წლის იანვრიდან დაიწყება და ორ თვეს გასტანს, გულისხმობს 2015 წლის 1 იანვრამდე  უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების ეროვნულ ვალუტაში ნებაყოფლობით კონვერტირებას 100 ათასი ლარის ფარგლებში ოფიციალურზე 20 პუნქტით ნაკლები გაცვლითი კურსით – კურსთაშორის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლოა დაახლოებით 33 ათასამდე ფიზიკურ პირს დაუფინანსდეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სესხების კონვერტაციის სუბსიდირება საბიუჯეტო თანხების „გაფლანგვის“ ტოლფასია. მათ ასევე გადასახადების გაზრდის გეგმებზე უარის თქმისკენ და პირიქით, გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდეს ბიუროკრატიული ხარჯების უფრო მეტად შეკვეცასთან ერთად. მათ მთავრობა მოსახლეობის „მოტყუებაშიც“ დაადანაშაულეს იმის გამო, რომ გადასახადების ზრდის გეგმები გაახმოვანეს არა არჩევნების წინ, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობა დამტკიცდა.  

„ჩვენ არ დავუჭერთ ამ ბიუჯეტს მხარს არა იმიტომ რომ ოპოზიცია ვართ, არამედ იმიტომ, რომ ის არ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას… არ არის საზოგადოებრივი დაკვეთა, რომ გაძვირდეს ცხოვრება და ეს ბიუჯეტი არის პირდაპირი რეცეპტი, რომ გაისად გაიზარდოს ფასები… ეს ბიუჯეტი ნამდვილად არ იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების საწინდარი“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგი კაპანაძემ თავის გამოსვლაში.  

ქართული ოცნების დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ უპასუხა, რომ სწორედ ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გახდა საჭირო „დაბალანსებულ“ ბიუჯეტში თანხების მობილიზება „კრედიტების სახით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით და ასევე აქციზების ზრდით“. 

პატრიოტთა ალიანსმა ასევე არ დაუჭირა მხარი მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც დეპუტატ ირმა ინაშვილის განცხადებით, „ორიენტირებულია არა ჩვეულებრივ ადამიანებზე და არამედ ასფალტებზე და შადრევნებზე“.

„უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ერი ფიზიკურად – ამას ვერ ვხედავ ამ ბიუჯეტში და ამიტომ არ გიჭერთ მხარს“, – განაცხადა ინაშვილმა თავის გამოსვლაში.

Exit mobile version