აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 6 დეკემბერს თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში მაიკლ კარპენტერს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის“ და ამ „პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს ქმნის“ ის მემორანდუმი, რომელიც ივლისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თბილისში ვიზიტისას გაფორმდა.

მხარეებმა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებიც განიხილეს. თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ პრემიერ კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს  „მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“ შეაქვს.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დროს აშშ-ს დელეგაციას განუცხადა, რომ საქართველოსთვის ამერიკის „დახმარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“ და იმ განცხადებებს გაუსვა ხაზი, რომელიც აშშ–ის 2017 წლის ეროვნული თავდაცვის ხარჯების პროექტში საქართველოს მხარდაჭერას ეხება.

აშშ-ის თავდაცვის ხარჯების შესახებ ეს მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც კონგრესის წარმომადგენლთა პალატამ 2 დეკემბერს დაამტკიცა, შეიცავს თავს საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, სადაც საქართველო აშშ-ის „ღირებულ მეგობრად“ არის მოხსენიებული, რომელმაც „მრავალჯერ გამოხატა ერთგულება ორი ქვეყნის საერთო ინტერესების ხელშეწყობის მიმართ“, მათ შორის თავისი ძალების გაგზავნით ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებსა და ერაყში.

„ევროპის მხარდაჭერის ინიციატივა (European Reassurance Initiative) საქართველოს პარტნიორობის შესაძლებლობებს აძლიერებს, რათა მან შეძლოს უფრო ახლო მუშაობა აშშ–სთან და ნატოსთან, ასევე საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია პროექტში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კონგრესი „ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, და არ აღიარებს ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას“ და ასევე „მხარს უჭერს შემდგომ თანამშრომლობას აშშ–ს და საქართველოს შორის და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომ უზრუნველყოს საკუთარი ხალხის და სუვერენული ტერიტორიის დაცვა“.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ასევე შეხვდა პრეზიდენტ მარგველაშვილს.

„მხარეებმა ყურადღება საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალი პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს. აღინიშნა, რომ პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შეხვედრისას, ასევე ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Exit mobile version