საქართველოს ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი ეწვევა

24-25 ნოემბერს საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალან დუნკანი ეწვევა, იტყობინებიან საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბრიტანელი სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

მინისტრი ასევე გახსნის პლენარულ სესიას „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვის მიზნით.

ამ დიალოგის მესამე რაუნდზე, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს, განიხილება პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური და სავაჭრო თემატიკა და  კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხები.

ვიზიტის წინ ალან დუნკანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ძალიან აფასებს“ საქართველოს, როგორც „პარტნიორს საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის კუთხით და როგორც დემოკრატიის მაგალითს რეგიონში“.

„ჩვენი ეს პოზიცია მტკიცეა“, – განაცხადა მან, „დემოკრატიის განვითარების ხარისხით, გახსნილი ეკონომიკური შესაძლებლობებით და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონის ისტორიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე. საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე და ნატოსა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, დამატებით გააღრმავებს უკვე მიღწეულ დიდ პროგრესს“.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებების დაცვისკენ და თავისუფალი მედია გარემოს შექმნისკენ“, – აღნიშნა მან ბრიტანეტის საგარეო უწყების პრესრელიზის თანახმად.

მისივე განცხადებით, ამ რეფორმების მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთის "კარგი მმართველობის ფონდი" 2018 წლამდე 4.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

„მე მოუთმენლად ველი პოზიტიურ და პროგრესულ თანამშრომლობას საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეულ ახალ მთავრობასთან მომდევნო წლებში“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

Exit mobile version