ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაური თბილისს სტუმრობს

ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი 6-7 ნოემბერს თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, როგორც ნატოს მიმართულებით, ისე აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით და ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ორშაბათს. 

ამერიკელმა გენერალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. მასთან შეხვედრებზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა აქტიურად გააგრძელოს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.

„მომავალში დავგეგმეთ თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატი“, – განაცხადა  თავდაცვის უწყებაში 6 ნოემბერს ამერიკელ გენერალთან შეხვედრის შემდეგ იზორიამ, „ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ განვახორციელოთ საქართველოს მზადყოფნის პროგრამა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის გაფორმებული მემორანდუმით არის გათვალისწინებული. გენერალმა  სურვილი გამოთქვა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამის იმპლემენტაციაში და მხარდაჭერაც აღგვითქვა პროგრამის წარმატებულად განხორციელების საქმეში“.

„აშშ საქართველოს გვერდით იდგება, რადგან საქართველო ყოველთვის ჩვენთან არის, როცა ჩვენ მას დახმარებისთვის მივმართავთ“, – აღნიშნა ჯონ ნიკოლსონმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად.

ავღანურ მისიას 31 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. საქართველო მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რომლის ფარგლებშიც ქართველი სამხედროები ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე მსახურობენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთს გასული კვირის ბოლოს სტუმრობდა, სადაც ბაზა "მარმალის" საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი, გერმანელი და ლიტველი სამხედრო მოსამსახურეებისა და აშშ-ის საჰაერო ძალებისა და გერმანული ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პარტნიორებთან ერთად საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა, რომლის დროსაც „ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version