საქართველომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

საქართველომ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ – ორგანიზაციაში, რომელიც ევროკავშირს და მის მეზობელ ქვეყნებს აერთიანებს ინტეგრირებული ევროპული ენერგობაზრის შექმნის მიზნით.

საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ოქმს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ხელი მოაწერა სარაევოში, სადაც ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს მე–14 შეხვედრა იმართება.   

საქართველომ და ევროკომისიამ ქვეყნის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2016 წლის თებერვალში დაიწყეს.

ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან შეერთებით წევრი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ დანერგოს ევროკავშირის ძირითადი რეგულაციები და წესები ელექტროენერგიის და გაზის ქსელების, გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის, ნავთობის და ენერგო სტატისტიკის შესახებ. 

„წევრის სტატუსის მიღებით, ვაპირებთ რეფორმების ახალი რაუნდი განვახორციელოთ, რათა საქართველოს ენერგოსექტორი ევროკავშირის ენერგობაზრის წესებს დავუახლოვოთ“, – განაცხადა ელოშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლისას, რომელმაც ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, ენერგეტიკული გაერთიანების წევრები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version