ბოკერია: ნაციონალური მოძრაობა ‘აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში’

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა „პარტიის შიგნით გაყოფილია პოზიციები", ის „აბსოლუტურად აუცილებლად“ მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობას როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ისე არჩევნების მეორე ტურებში, რათა ქართულმა ოცნებამ "ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“.

მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე პარტიის 60-წევრიანი პოლიტსაბჭო 11 ოქტომბერს საღამოს გეგმავს გადაწყვეტილების მიღებას.

მეორე ტურებში მონაწილეობის წინააღმდეგ, პარტიას ექს-პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე დეკემბრიდან აღარ არის, უკრაინიდან მოუწოდა. ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრი უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა, რომ არათუ მეორე ტურებს, პარტიამ ბოიკოტი მთლიანად საპარლამენტო საქმიანობას უნდა გამოუცხადოს. ამ იდეის მომხრეებს შორის ასევე არიან დეპუტატები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი  – ეს უკანასკნელი საერთოდ არ არის პარტიულ სიაში, ხოლო წიკლაური, რომელმაც მაჟორიტარული არჩევნები თეთრიწყაროს 32-ე ოლქში პირველივე ტურში ხმათა 27.41%-ით წააგო ქართული ოცნების მაჟორიტართან, 95-ე ნომრად არის სიაში შეყვანილი.

ნაციონალურ მოძრაობას, არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 27.1% (477 143 ხმა) აქვს მიღებული და სიით პირველი 27 კანდიდატი გაყავს პარლამენტში  – ქართულ ოცნებას 44 პროპორციული მანდატი, ხოლო პატრიოტთა ალიანსს 6 მანდატი ექნება, თუ წინასწარი შედეგები ძალაში დარჩა. ამას გარდა, მეორე ტურები 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქშია მოსალოდნელი, საიდანაც 45-ში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები გადიან  და ერთის (მთაწმინდის) გარდა, ყველა ოლქში, ქართული ოცნების კანდიდატებს უპირისპირდებიან. მმართველ პარტიას ამ ეტაპის მონაცემებით სულ 67 ადგილი აქვს პარლამენტში, რაც 9-ით ნაკლებია უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად, ხოლო 46 ადგილი აკლდება საკონსტიტუციო უმრავლესობამდე.

ნაციონალური მოძრაობის ნაწილმა, მათ შორის გამსვლელ სიაში მყოფმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და ასევე დეპუტატი გივი თარგამაძე, რომელიც ამ არჩევნებზე საერთოდ არ ყოფილა დეპუტატობის კანდიდატი, ბოიკოტის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. პარტიის მომხრეები სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციებს.

„ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები არის გაყოფილი და მე მსურს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე, „მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩეველების, აქტივისტების და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისას და როგორც ჩატარდა არჩევნების დღე. მაგრამ მე მყარად მჯერა და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული ქმედითი ძალა  ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა  არჩევნების მეორე ტურში“.

„ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე“, – განაგრძო მან, „ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების და ტრადიციების პატივისცემიდან გამომდინარე,  ეს არის აუცილებელი იმ 500 ათასი ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა, ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ვერ მოგვცა ხმა და დიახ, იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ არ მოგვცა ხმა“.

„სწორედ იგივე არგუმენტებით, მე ვთვლი, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, რათა ყველაფერი გავაკეთოთ  – როგორი რთულიც არ უნდა იყოს და ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება – ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, რათა დავიცვათ თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ბოკერიამ, რომელიც პარტიულ სიაში მე-15 ნომერია.

„მე დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს საღამოს“, – დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version