კვირიკაშვილი სოხუმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყონებლივ დაკავებისკენ მოუწოდებს

იმ შემთხვევაში, თუ აფხაზური მხარე დაუყონებლივ არ დააკავებს იმ პირს, რომელმაც ადგილობრივი მკვიდრი გიგა ოთხოზორია მოკლა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, „უაღრესად გართულდება“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების გაგრძელება, ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგი და ნდობის აღდგენა მხარეებს შორის, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიგა ოთხოზორიას 19 მაისს რამდენიმე ტყვია ესროლა, სავარაუდოდ, აფხაზმა მესაზღვრემ. ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ინციდენტი  სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, რომელიც შემდეგ ქართულმა ტელევიზიებმაც გაუშვეს და სადაც ჩანს მომენტი, რომ გიგა ოთხოზორიას საკონტროლო გასროლით კლავენ.

ეს საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო, როდესაც ქართული და აფხაზური მხარეები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად შეიკრიბნენ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 27 მაისს.

აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მან ბრალი წაუყენა თავის მესაზღვრეს, რომელიც ოთხოზორიას მკვლელობაშია ეჭვმიტრანილი; თუმცა, ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

6 ივნისს გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში, პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა მხოლოდ გახსნის იარებს, რაც მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხის მტრების ინტერესშია“.

„ორ კვირაზე მეტი გავიდა იმ სასტიკი დანაშაულიდან, რომელმაც ყველა შეგვძრა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია არანაირი ცნობა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოზიტივი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ნდობის აღდგენის მიმართულებით. მეტიც, ამ პირობებში, უაღრესად რთულდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელება. ასევე, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს, მანამ, ვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით, უმოქმედობას იჩენენ“, – განაცხადა მან.

„გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის ფარგლებში, რომლის აღდგენაც, ვფიქრობთ, ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს ყველა მასალა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი არ დადგა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„მოცემულ ვითარებაში, არსებობს რისკი, რომ მკვლელს ვიღაც გაუსწორდეს. უფრო მეტიც, შეიძლება, ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

„ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ. რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება – ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენს მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში. გალის შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ დამნაშავის დაუყოვნებლივ გადმოცემა, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს პირდაპირ დაუკავშირეს სტატუსის საკითხს და აპელირება მოახდინეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე“, – განაცხადა მან, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა სოხუმის არგუმენტი, რომ „ექსტრადიცია“ შეუძლებელია, რადგან თბილისსა და სოხუმს შორის შესაბამისი შეთანხმება არ არსებობს. 

„საკითხის საგანგებო ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მკვლელი დაუყოვნებლივ იქნას დაპატიმრებული. ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა უნდა აღდგეს“, – განაცხადა მან. 

„ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა კი მხოლოდ გახსნის იარებს, რაც მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხის მტრების ინტერესშია. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ცივი გონება, რათა ჩიხში შესული არსებული სიტუაცია ერთობლივი ძალისხმევით შემოვაბრუნოთ“,  – დასძინა პრემიერ–მინისტრმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version