ზურაბ აბაშიძე სეპარატისტული რეგიონების და ნატოს შესახებ საუბრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თბილისს პირდაპირი დიალოგი სურს სეპარატისტულ რეგიონებთან, მაგრამ სოხუმი და ცხინვალი „თავისუფლები არ არიან საკუთარ არჩევანში“ და რუსეთიდან „ძლიერი სიგნალის“ გარეშე დამოუკიდებლად არ იმოქმედებენ.

პრაღაში ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრამდე „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს არ უნდა აშფოთებდეს საქართველოს „თანამშრომლობა“ ნატოსთან და დასძინა, რომ საქართველოს შესვლა ნატოში „ახლოვადიან პერსპექტივაში დღის წესრიგში არ დგას“.

„თუ დაიწყება დიალოგი და რუსეთი მართლაც შეუწყობს ხელს და მოტივაციას შეუქმნის პირდაპირ დიალოგს ჩვენსა და აფხაზებს შორის, ჩვენსა და ოსებს შორის, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხები, რომლებიც სტატუსთანაა დაკავშირებული გვერდზე გავწიოთ და საერთოდ არ განვიხილოთ გარკვეული დროის მანძილზე, და ამის ნაცვლად  კონკრეტული საკითხების განხილვა დავიწყოთ: ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ბიზნესის, განათლების, ჯანდაცვის, წყლის, გაზის თაობაზე და სხვა. მოდით გვერდზე გავწიოთ ეს საერთო წითელი ხაზები და ადამიანური პრობლემებით დავიწყოთ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ყველანაირად ცდილობთ რაღაც კონტაქტები, პირდაპირი კონტაქტები დავამყაროთ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით. მაგრამ, სამწუხაროთ, ვხედავთ, რომ ისინი საკუთარ არჩევანში არ არიან თავისუფლები. ისინი უკან იხედებიან. ჩემი გამოცდილება მიჩვენებს, რომ თუ მათ მოტივაცია არ აქვთ, თუ რეალურად მოსკოვი არ მისცემს მათ ძლიერ სიგნალებს, რომ ასეთი დიალოგი უნდა დაიწყონ, ისინი დამოუკიდებლად ვერ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. კრემლზე დამოკიდებულების დონე ძალიან მაღალია“, – განაცხადა აბაშიძემ.

„თუ მოსკოვს რეალურად აინტერესებს ან რეალურად გადაწყვეტს, რომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთ დიალოგს, ამას მალე დავინახავთ და შევამჩნევთ“, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დეკემბერში გაკეთებული განცხადება, რომ თბილისმა პირდაპირი კონტაქტები უნდა დაამყაროს სოხუმთან და ცხინვალთან, „პრინციპში სწორია“.
მან განაცხადა რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ „მოჯადოებული წრე“ შექმნა, „საიდანაც გამოსავალი არ ჩანს“.

ნატოსა და რუსეთის შეშფოთებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, აბაშიძემ განაცხადა: „ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს ნატოსა და ევროკავშირთან. არ მიგვაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანება დღევანდელი, ხვალინდელი და ზეგინდელი დღის პერსპექტივაა. ასეთი თანამშრომლობა კარგია საქართველოს მაღალ სტანდარტებთან დასაახლოებლად. იგივეს თქმა შეიძლება ევროკავშირთან მიმართებაშიც“.

„ხშირად გვესმის, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან რაიმე საფრთხეს ქმნის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვეუბნებით რუს კოლეგებს, რომ თავადაც კარგად თანამშრომლობდნენ ნატოსთან. რაღაც სპეციალური ორგანოებიც ჰქონდათ,  ერთობლივ წვრთნებს ატარებდნენ, ძალიან ახლოს თანამშრომლობდნენ ავღანეთში, სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, პრობლემებიც იყო ამ თანამშრომლობაში, თუმცა ბოლო პერიოდამდე, სანამ დრამატული მოვლენები მოხდებოდა უკრაინაში, ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებულად ხორციელდებოდა. ჩვენც ამ კუთხით ვთანამშრომლობდით და არაფერი განსაკუთრებული ჩვენს თანამშრომლობაში არ იკვეთებოდა“, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ არაფერი უცნაური არაა იმაში, თუ საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოება სურს.

„რა უქმნის რუსეთს პრობლემას? სამხედრო ინფრასტრუქტურა? ამაზე ხომ საერთოდ არ არის საუბარი“, – განაცხადა მან.

როდესაც მას ნატო–საქართველოს დაგეგმილ ერთობლივ  საწვრთნელ ცენტრზე ჰკითხეს, აბაშიძემ უპასუხა: „მე მესმის, როგორ აღიქვამენ ამას რუსეთში, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს შეშფოთება გაზვიადებულია. ეს არის სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი. მსგავსი რამ უკვე არსებობს საჩხერეში… საწვრთნელი ცენტრს, რომელიც იქმნება, არანაირი სამხედრო მომენტი არ გააჩნია“. 

როდესაც ჟურნალისტმა უთხრა მას, რომ საქართველოს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების ნატოში გაწევრიანების გეგმები მოსკოვის შეშფოთებას იწვევს, აბაშიძემ უპასუხა: „უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. ეს ყველამ იცის – ჩვენც, თქვენც და ბრიუსელშიც.  ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ უნდა შევეცადოთ და მოვხსნათ ეს ემოციური ფონი. არ ღირს ამის ხარჯზე დამატებითი საბაბები ვეძებოთ ისედაც რთული ურთიერთობების კიდევ უფრო გასართულებლად“.
„ამასთან ერთად, როგორ ფიქრობთ, როგორ აღიქმება რუსი სამხედროების ყოფნა თბილისიდან 30 კილომეტრში?… ძალიან რთულია ასეთ რეალობაში ცხოვრება და ცხადია, რომ ეძებ გამოსავალს, რაიმე მხარდაჭერას, უსაფრთხოების გარანტიას“, – განაცხადა მან, „ჩვენ რუსეთს ვშორდებოდით ზუსტად იმ დონეზე, რა დონეზეც ის თავად გვიშორებდა ჩვენ“.

აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს საკითხები არ განიხილება მისი კარასინთან შეხვედრების დროს.

მისი თქმით, 2012 წლის ბოლოს თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებული ორმხრივი დიალოგის ფორმატი კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა იმ ფონზე, როდესაც ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რათა ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები მოგვარდეს.

თუმცა, აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, მათ შორის სოხუმთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და ცხინვალთან დაგეგმილი ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ „ძალიან ნეგატიურ ფონს“ ქმნის და „ძალიან ართულებს“ მოსკოვთან დიალოგს.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ასევე აფერხებს პროგრესს ჟენევის დისკუსიებზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და რომლის თანათავმჯდომარეებიც ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version