ღარიბაშვილი: ‘უგულავას დაპატიმრება მართლმსაჯულების ზეიმია’

სასამართლოს „ობიექტური“ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, არის „მართლმსაჯულების ზეიმი“, განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შაბათს.

„უგულავას დაპატიმრება, ის, რაც მოხდა გუშინ სასამართლოში, ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი. გუშინ კიდევ ერთხელ ჩვენ, საქართველომ ვიხილეთ დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მე მივესალმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას“, – განაცხადა მან.

„არც ერთი მოქალაქე საქართველოში დღეს არ დგას კანონზე მაღლა და არც იდგება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

„კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რაც ხდება ევროპაში. სულ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვის მიზნით მიიყვანეს და დააკავეს. და ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია და ჩვენ გვინდა ევროპული სტანდარტები. სწორედ ამ სტანდარტებს ვნერგავთ ჩვენ – კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი – მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა და მისი ნებისმიერი კუთვნილებისა, იქნება ეს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი თუ არ იქნება, არავინ არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარასკევს საღამოს სასამართლოს წინ უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო „ძალადობა“ პოლიციის წინააღმდეგ.

„პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის დასჯადი ქმედება და პოლიცია მოიქცა აბსოლუტურად სწორად, კორექტულად. მინდა მივმართო პოლიციელებს, რომ ყველა მსგავსი ქმედება, ყველა მსგავსი უკანონობა დაუყოვნებლივ აღკვეთონ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ეს ადამიანი“, – განაცხადა მან.

სასამართლოს წინ მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დაპირისპირების ადგილიდან წაიყვანეს. დაახლოებით სამ საათში ის გაათავისუფლეს. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ის დეპუტატის უკანონო დაკავების გამოძიებას მოითხოვს.

დანარჩენ რვა დაკავებულს, მათ შორის საქართველოს ყოფილ ელჩს იტალიაში კოტე გაბაშვილს, ადმინისტრაციულ ბრალს წაუყენებენ, რომელიც შსს–ს თქმით, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. სასამართლო მოსმენა ამ საქმეებზე შაბათს გაიმართება.

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც დაგმო უგულავას დაკავება და პოლიტიკური ანგარიშწორების ახალი ფაზის დაწყებად შეაფასა, განაცხადა, რომ სასამართლოს წინ მომხდარი დაპირისპირება სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ იყო პროვოცირებული.          

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version