ცხინვალმა საქართველოს ყოფილი ოფიციალური პირი შეიწყალა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 31 დეკემბერს ხელი მოაწერა საქართველოს იმ ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალების აქტს, რომელიც 2010 წლის აპრილიდან იმყოფებოდა პატიმრობაში.

თეიმურაზ ჯერაპოვი, ეთნიკური ოსი საქართველოს მოქალაქე  თბილისში განთავსებულ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში მუშაობდა.

ჯერაპოვი 2010 წლის აპრილში დააპატიმრეს. ნოემბერში ცხინვალის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდებასა ან ხელისუფლების ძალით შენარჩუნებაში და 13 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღებით, რაც კეთილი ნების გამოვლენასა და დადასტურებას წარმოადგენს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება იმედოვნებს ქართული მხარისგან ურთიერთგაგებას სამხრეთ ოსეთის და საქართველოს იმ მოქალაქეების ურთიერთ გათავისუფლების საქმეში, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებიან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების ვებ-გვერდზე გავრცელდა.

2013 წლის ივნისში სეპარატისტული რეგიონის მკვიდრი მარეკ დუდაევი გამოუშვეს თბილისის ციხიდან ამნისტიის და სასჯელთა შეკრებითობის გაუქმების შედეგად მისი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო. დუდაევის გათავისუფლებას, რომელიც ქართულმა პოლიციამ 2004  წლის მარტში დააკავა, ცხინვალი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.  2005 წლის ნოემბერში თბილისის სასამართლომ დუდაევი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, გამოძალვასა და ყაჩაღობაში და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version