ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღობეების აღმართვის განახლების შესახებ იტყობინება

მას შემდეგ, რაც სექტემბრის ბოლოს ე.წ. ‘საზღვრის მოწყობის’ პროცესი შენელდა, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ღობეების აღმართვა განახლდა, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 29 ნოემბერს.

„მისიის სადამკვირვებლო ჯგუფი გაიგზავნა დირბი-ღოღეთის მიდამოებში, სადაც პატრულირების შედეგად დაფიქსირდა წითელი ბოძების აღმართვის ფაქტი დაახლოებით 160 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე. აქედან 35 მეტრის მონაკვეთზე მავთულხლართებია გაბმული. ღობეების აღმართვის პროცესის განახლებასთან ერთად, მისია აღნიშნავს, რომ მოცემულ მიდამოში, ბოლო დროს, აქტიურად მიმდინარეობს ტრაფარეტების დამონტაჟების პროცესი, სადაც ზოგი ტრაფარეტი დამუშავებული მიწის ნაკვეთის შუაშია მოქცეული“, – განაცხადა სადამკვირვებლო მისიამ.

მისიის მიერ ნახსენები სანიშნე ბოძები აფრთხილებს ხალხს, რომ არ გადაკვეთონ ეს ტერიტორია, რადგანაც ის „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს“ წარმოადგენს.

„„ზამთრის მოახლოებასთან ერთად, წლის ამ რთულ პერიოდში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს გაითვალისწინოს ის ზეგავლენა, რაც მოცემულ პროცესს შესაძლოა მოსახლეობის ყოფაცხოვრებაზე, რესურსებსა და საარსებო წყაროზე ჰქონდეს“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა, „მოცემულ მიდამოებში პოტენციური დაძაბულობის შესამცირებლად და მისი წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამ ტერიტორიაზე პატრულირებას და ცხელი ხაზის მეშვეობით მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესის ხელშეწყობას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version