სააკაშვილი და ივანიშვილი ერთად და ურთიერთბრალდებებით ამერიკულ ხომალდზე


(მარცხნიდან მარჯვნივ) ამერიკული სამხედრო ხომალდის Bulkeley (DDG 84) მეთაური მეთიუ ფილიპსი; პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი; აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და პრეზიდენტი სააკაშვილი ხომალდზე გამართულ მიღებაზე. ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.

პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვირას საღამოს ბათუმში ვიზიტად მყოფ ამერიკულ სამხედრო ხომალდზე გამართულ მიღებას ერთად დაესწრნენ და ურთიერთბრალდებებიც გაცვალეს.

მიღებაზე, რომლის მასპინძელიც სამხედრო ხომალდის Bulkeley-ს მეთაური და საქართველოში აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იყვნენ, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადებების კომენტარისას თქვა, რომ ივანიშვილს ან „არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრული საქართველოს მტერთან“, ხოლო პრემიერ–მინისტრმა უთხრა პრეზიდენტს, რომ პირადად ის არის პასუხისმგებელი 2008 წლის აგვისტოს ომზე.

მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა ივანიშვილის ზოგიერთ განცხადებაზე, მათ შორის იმ გამონათქვამებზე, რომელიც პრემიერმა 8 აგვისტოს გორში სამხედროებისადმი მიმართვის დროს გააკეთა და აგვისტოს ომთან მიმართებით თქვა, რომ „მოვლენების ამგვარად განვითარებაში,  სამწუხაროდ,  ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს“.

პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ტრიბუნასთან მდგომი სააკაშვილის კომენტარებზე ძირითადად ირონიული და სკეპტიკური მიმიკებითა და ღიმილით რეაგირებდა, დროდადრო მის გვერდით მდგომ აშშ-ის ელჩსაც გადაუჩურჩულებდა. მაგრამ ერთ მომენტში ივანიშვილი სიტყიერადაც გამოეხმაურა სააკაშვილს და მას უთხრა, რომ სწორედ ის იყო პასუხისმგებელი აგვისტოს ომზე და არა საქართველო. 

„პრემიერ–მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ სიმშვიდით ვხვდებით იმას, რომ მავრთულხლართებმა გადმოიწია საქართველოს რამდენიმე ადგილას და მინდა ამას გამოვეხმაურო“, – განაცხადა სააკაშვილმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას,  „რა თქმა უნდა, იმ ხალხისთვის, ვისაც წაართვეს წყალი, საძოვარი ან მიწა, ვენახი… ძნელია მათთვის ამას მშვიდად შეხვდნენ და მე მათი მშვენივრად მესმის და ალბათ პრემიერ–მინისტრიც მათ გაუგებს“.

„მე დღეს ვიყავი განმუხურში… მინდა ყველას ვუთხრა, რომ თუ რუსები შემდეგ ნაბიჯად გადმოწევენ თავის მავრთულხლართებს და მოიქცევენ შიგ ამ აყვავებულ განმუხურს, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და უბრალოდ როგორც საქართველოს მოქალაქე, ამას მშვიდად ვერ შევხედავ და ვერ შევხედავ მშვიდად ვერავის, ვინც ამას მშვიდად შეხედავს… რა თქმა უნდა, არავის არ მოვუწოდებ ომისკენ, მითუმეტეს რუსეთთან ომისკენ, მაგრამ ჩვენ ბევრად ნაკლები დრო უნდა ვხარჯოთ საერთაშორისო არენაზე ერთმანეთთან დასაპირისპირებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამავე გამოსვლაში მე მოვისმინე [პრემიერ–მინისტრისგან] ის, რომ რუსეთი აგრესორია – ეს მისასალმებელია; ეს სწორი თეზისია; მაგრამ იმავე დროს გაიჟღერა, რომ ქართულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ომზე. მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა პასუხისმგებლობაზე იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, მე მეკისრება პასუხისმგებლობა და თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა და მე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა სახის პასუხისმგებლობაა ეს“.

მან განაცხადა, რომ ახლახანს იგი აგვისტოს ომში რამოდენიმე დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახებს შეხვდა, რომელთა ოჯახის წევრები აგრძელებენ სამსახურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. „ისინი პასუხისმგებლობით განაგრძობენ საქართველოს სამსახურს… ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ყველანი მივესალმებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.  

„მე კატეგორიულად უარვყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხიმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე და მე მინდა სრული კატეგორიულობით გითხრათ, ბატონო ბიძინა, იმედია, რომ თქვენ დაუფიქრდებით ამ საკითხს… “, – განაცხადა სააკაშვილმა.

იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ამას ამბობდა, პრემიერ–მინისტრმა, რომელიც აშშ–ის ელჩის გვერდით იდგა, თითი გაიშვირა სააკაშვილისკენ და უთხრა მას: „საქართველოს არა, შენ გაქვს პასუხისმგებლობა.“

„…. იმედი მაქვს დაუფიქრდებით ამ საკითხს“, – განაგრძო სააკაშვილმა, „იმიტომ, რომ ვინც ამას ამბობს ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრული საქართველოს მტერთან“.

„მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან; მე იმედი მაქვს, რომ თქვენ აცნობიერებთ თქვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და იმ დაღუპული მებრძოლების წინაშე, რომელთაც გადაარჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში, სადაც სახედრო ხომალდზე გამართული მიღების ეპიზოდია ასახული, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ეკითხება სააკაშვილს, რომელსაც პიჯაკზე წითელი ყაყაჩო ჰქონდა მიმაგრებული: „რა გიკეთია გულზე?“ 

„მოგიხერხებ, რომ იშოვო“, – პასუხობს სააკაშვილი ღიმილით. 

„რა არის, რას ნიშნავს?“ – ჰკითხა ივანიშვილმა.

„ეს არის ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის სიმბოლო“, – უპასუხა სააკაშვილმა.

შემდეგ აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ჩაერთო საუბარში და ორივე მათგანს მადლობა გადაუხადა მიღებაზე დასწრებისთვის და სტუმრებს „უსაფრთხოების სფეროში აშშ–საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის“ სადღეგრძელო შესთავაზა.

მიღებაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ძირითადად აშშ–საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს დემოკრატიის და შეიარაღებული ძალების მიმართ აშშ–ის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

„ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს იმ მეგობრულ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ახორციელებს წლების განმავლობაში“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ჩვენ მუდამ მოვახერხებთ ღირსეული პარტნიორი ვიყოთ… ახალი ხელისუფლება ახალი ენერგიით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ჭეშმარიტად დემოკრატიული და ძლიერი ქვეყანა იყოს. გარწმუნებთ, რომ მომავალში თქვენ იამაყებთ თქვენი მეგობრით და ჭეშმარიტად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოთი, როგორიც საქართველოა“.

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა სამხედრო ხომალდზე გამართულ მიღებას, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ფორმატი დაარღვია, როდესაც თავის გამოსვლაში „უადგილო თემები“ წამოწია.

„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთელ შეძლო დაერღვია ყველა წესი და რიგი ასეთი შეხვედრების და ოფიციალური გამოსვლების შემდეგ მეც მომიწია გარკვეული მობოდიშება ჩვენი სტუმრებისთვის, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებს ასეთი ფორმატი აქვს, თავისი თემატიკა აქვს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი დიდი ხანია ამ ყველაფერს აღარაფრად დაგიდებთ. ამიტომ, მან სრულიად უადგილო თემები წამოწია, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეული ვართ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ერთმანეთს მარტის დასაწყისში შეხვდნენ პირისპირ მოლაპარაკებების დროს, ეს მეორე ამ ტიპის შეხვედრა იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ; პირველი მოლაპარაკებები სააკაშვილსა და ივანიშვის შორის 9 ოქტომბერს გაიმართა. ამ ორ შეხვედრას შორის ინტერვალში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ იანვარში ძველით ახალ წელს საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე შეხვედროდნენ ერთმანეთს.

აშშ-ის სამხედრო ხომალდზე გამართულ მიღებას, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი კახი კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უშიშროების საბჭოს  მდივანი გიგა ბოკერია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version