სააკაშვილი გმობს ნავალნის გასამართლებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო და „ცინიზმის“ გამოვლინება უწოდა რუსი აქტივისტის ალექსეი ნავალნის გასამართლებას, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, რადგან სასამართლომ დამნაშავედ ცნო თანხების გაფლანგვაში.

„პუტინის რეჟიმის მიერ კორუფციასთან და თაღლითობასთან მთავარი მებრძოლის თაღლითობის ბრალდებით გასამართლება დღევანდელი ოფიციალური რუსეთის ცინიზმის კლასიკური გამოვლინებაა, თუმცა ეს არათუ ვერ ჩაკლავს რუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, არამედ – კიდევ უფრო გაამძაფრებს მას“, – აღნიშნა სააკაშვილმა 18 ივლისს წერილობით განცხადებაში.
 
„დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე თავად რუსი ხალხი, განსაკუთრებით კი თანამედროვე პირობებში გაზრდილი ახალი თაობა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მიაღწევს და რუსეთი რეგიონში არასტაბილურობისა და აგრესიის ფაქტორიდან თავისუფალ ქვეყნად და მეზობლებისთვის სასურველ პარტნიორად გარდაიქმნება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„რუსეთის დღევანდელი არადემოკრატიული მმართველობა, ქვეყნის შინ თუ გარეთ შანტაჟისა და დაშინების მეთოდების გამოყენება ის ძირითადი ფაქტორებია, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ რუსეთის განვითარებას, არამედ ანგრევს ნდობას რუსეთის მიმართ და რუსეთს უკიდურესად არაკომფორტულ პარტნიორად აქცევს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version