სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა



ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და პრეზიდენტი სააკაშვილის 27 ივნისს თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ფოტო: ნატო 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა  ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მართალია ახლა საქართველო პრობლემების წინაშე დგას დემოკრატიის და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, მაგრამ ქვეყანა გადალახავს სიძნელეებს და შეუერთდება ალიანსს.

„ხშირად ამბობენ, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ძალიან ჭიანურდება. მე მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომ  – იმიტომ რომ ასეთი პროპაგანდა წამოვიდა, რომ აი ნატო არის როგორც ჰორიზონტი, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება  – ეს ასე არ არის“, – განაცხადა მან  ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ნატოს ყველა ვიზიტი საქართველოში და ყველა მისი მინისტერიალი  ბრიუსელში „ეს არის საქართველოს მეტი ინტეგრაცია ისტორიაში ყველაზე გავლენიან, ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ეს არის მეტი დაახლოვება, ეს არის პოლიტიკურად და არა იურდიულად, უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის, ეს არის მეტი რწმენის გამოხატულება საქართველოს გრძელვადიანი მომავლისათვის“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველო „ბევრი თვალსაზრისით სამაგალითო პარტნიორია“, რომელიც „მნიშვნელოვან რეფორმებს“ ახორციელებს და დემოკრატიისა და ნატოში გაწევრიანების მიმართ ერთგული რჩება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე შიდა პოლიტიკური მოვლენებიც იქნა განხილული, მათ შორის კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები და ამ კონტექტსში, 27 ივნისს თბილისის მერიისა და საკრებულოს 23 წარმომადგენლის დაკავების და შემდეგ გათავისუფლების ფაქტიც ახსენა, რაც ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მთავრობის  მიერ ოპოზიციაზე ზეწოლის კამპანიის ნაწილი იყო.

„ჩვენ ღიად და გულწრფელად ვისაუბრეთ სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების თემებზე… მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა არის ძალიან რთული მომენტი ამ თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა გრძელვადიანად გადალახავს ყველა სირთულეს, რა თქმა უნდა, ჩვენ  გავხდებით ნატოს წევრები, რა თქმა უნდა ჩვენ ჩამოვყალიბდებით სრულფასოვან დემოკრატიად, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გავდივართ ძალიან რთულ პერიოდს, ძალიან სერიოზულ პრობლემატური საკითხები დადგა ჩვენს წინაშე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როდესაც ნატოს გენერალურ მდივანს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებებზე და სამართალწარმოებაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ დაკავებებს“.

„ჩემს საუბრებში მთავრობის წარმომადგენლებთან ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ ველით საქართველოს ხელისუფლებისგან და საქართველოს სასამართლოებისგან ფუნდამენტური პრინციპების სრულ პატივისცემას და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების უზრუნველყოფას“, – განაცხადა რასმუსენმა.

„ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ არ ვაპირებთ ამ სასამართლო პროცესებში ჩარევას, მაგრამ გადამწყვეტია, რომ თავიდან იქნას აცილებული იმის აღქმაც კი, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია. მთავრობამ  დამარწმუნა, რომ სამართალწარმოების დროს კანონის უზენაესობის პატივისცემა უზრუნველყოფილი იქნება; ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, პროცესები სრულიად გამჭირვალე იქნება და ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართული სასამართლოები შეასრულებენ ამ ძირითად პრინციპებს“.

„მე ამას ძალიან კატეგორიულად ვაცხადებ, რადგანაც მაშინ, როდესაც ნატო სამხედრო ალიანსს წარმოადგენს, ჩვენ ამაზე ბევრად უფრო მეტი ვართ – ნატო ასევე არის ღირებულებების ერთობა“, – განაცხადა მან, „და ასპირანტი ქვეყნებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად დაიცვან და პატივი სცენ ამ პრინციპებს“.

იმავე კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: "თქვენ მოისმინეთ გენერალური მდივნის განცხადება, რომ ის გამოხატავს დიდ შეშფოთებას ამ პროცესების" გამო.

მისი თქმით, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალზე „განიხილეს საქართველოს საკითხი“, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები, რომ „საქართველო და უკრაინა არის პრობლემატური“. 

მას მხედველობაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ შიკორსკის განცხადება ჰქონდა, რომელმაც აღნიშნა 24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი იქნა განხილული, რომ საქართველო და უკრაინა ის ორი ქვეყანაა, რომელიც „ჩვენ შეშფოთებას იწვევს“. 

სააკაშვილმა ასევე დასძინა: „მე მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად იგივე მინისტრები ორი წლის წინ იძახდნენ, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა  ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“.

„და დღეს, ორი წლის თავზე, რა უბედურება გავაკეთეთ ასეთი, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ხუთოსნებიდან ოროსნებში… როგორ მოვახერხეთ ეს? რას დაემსგავსა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ვიყავით მოწინავე, ყველგან გვაქებდნენ, დაე ამას სიცრუით ცხოვრება უწოდოს ვინმემ, რომ გვაქებდნენ და ცაში ავყავდით და ვიყავით მოდელური ქვეყანა, სანიმუშო ქვეყანა და ახლა დაფაზე ვყავართ გამოკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთან შეხვედრისას თავის შესავალ სიტყვაში, სააკაშვილმა კვლავ წამოწია ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საკითხი და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ციხეში უკვე მანამდე ზის, ვიდრე მას კონკრეტულ დანაშაულზე გაასამართლებდნენ“.

„ეს არანორმალური სიტუაციაა დემოკრატიაში“, – განაცხადა მან, „ვიმედოვნებ, რომ მთავრობა არ გაყვება ამ გზას, რადგანაც ეს საფრთხეს შეუქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს მიზნებს… და ჩვენს ტრანს–ატლანტიკურ მომავალს და ეს არის უკანასკნელი, რაც შეიძლება გვსურდეს“.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დასრულებამდე ნატოს გენერალური მდივანი იმ ქართველი სამხედროების წინაშე გამოვიდა სიტყვით, რომელთა გაგზავნაც ავღანეთში უახლოეს მომავალში იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version