ივანიშვილი ისრაელში ვიზიტს ‘წარმატებულს’ უწოდებს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისმა ვიზიტმა ისრაელში მის მოლოდინებს გადააჭარბა და ამ ვიზიტს „ყველაზე წარმატებული“ უცხოური ვიზიტი უწოდა.

„მე ისრაელში მივიღე იმაზე მეტი, რასაც ველოდი“, – განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს თელ–ავივში 25 ივნისს ისრაელში ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ.

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე წარმატებული ვიზიტი“, – განაცხადა ივანიშვილმა და მაშინვე დასძინა, რომ ყველა მისი წინა უცხოური ვიზიტი „წარმატებული“ იყო. 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ივანიშვილი ბრიუსელს, ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს ესტუმრა, რის შემდეგაც 24–25 ივნისს მისი ვიზიტი შედგა ისრაელში.  

„საქართველო ჭეშმარიტად გახდება ისრაელის მეგობარი ქვეყანა და ორი ქვეყანა ხელიხელ ჩაკიდებული შეეცდება გადალახოს პრობლემები, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი შეხვედრა ისრაელის პრემიერ–მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საათი და 45 წუთი გაგრძელდა, რაც, მისი თქმით, დაგეგმილზე ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო და შეხვედრის დროს მათ, სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს; ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების თავდაპირველ დღის წესრიგში არ ყოფილა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ვიზების გაიოლებაზე და გაუქმებაზე და ეს პროცესიც დაიწყება ძალიან სწრაფად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დეტალები ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის შემდგომი მოლაპარაკებების მსვლელობაში შემუშავდება, „მე მგონია, რომ ჩვენ მივიღებთ თავისუფალ სავიზო რეჟიმს ისრაელთან“. 

„ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, ჩემი აზრით“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეკონომიკის და უსაფრთხოების საკითხები ასევე იქნა განხილული.

ვიზიტის დასრულებამდე, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი თელ–ავივში ისრაელი–საქართველოს ბიზნეს ფორუმზე გამოვიდა სიტყვით, სადაც მან განაცხადა, რომ იგი მოხარულია, რომ მოახერხა „ემოციების“ და ასევე ორ ხალხს შორის „სიყვარულის და პატივისცემის“ გადატანა „პოლიტიკურ დონეზე“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version