ქართული ოცნების დეპუტატები: მუქარის შემცველი ვიდეოს საპარლამენტო გამოძიება ნაადრევია

საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც მუქარის შემცველ ვიდეოს წარმომავლობას გამოიძიებს, ამ ეტაპზე ნაადრევია, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იძიებს ამ საქმეს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, განაცხადეს ქართული ოცნების დეპუტატებმა სამშაბათს მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სამშაბათს, რომ ვიდეო შესაძლოა მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, ან მათი დაკვეთით მომზადდა და საჭიროა, რომ მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მიზნით პარლამენტმა საგამოძიებო კომისია ჩამოაყალიბოს. 

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თავმჯდომარეობს, უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია საპარლამენტო გამოძიების დაწყება; სანაცვლოდ, მან შესთავაზა, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დახურული სხდომა გამართოს, რომლის დროსაც შსს–ს წარმომადგენლები დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდიან მიმდინარე გამოძიების შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იგი სამშაბათს დილით შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა მუქარის შემცველი ვიდეოს თაობაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

„გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ ვინ დაამზადა ეს ვიდეომასალა და რა ამოცანებს ემსახურებოდა ეს მოვლენა. გამოძიება მიმდინარეობს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

„როგორც მინისტრმა ბრძანა, არის წინსვლა გამოძიების პროცესში“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე დეტალების გამხელა მიზანშეწონილი არ არის.  

მისი თქმით, პარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროცესს და მას რეგულარული კონტაქტები აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რადგანაც ასეთი შემთხვევები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს მიუხედავად იმისა, თუ ვინ ჩაიდინა ის და რა მიზანს ემსახურებოდა.

დღესვე საღამოს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბა პრეზიდენტ სააკაშვილის თავმჯდომარეობით ამ საკითხის განხილვის მიზნით.

მუქარის შემცველი ვიდეო ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის პოლიტიკური დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების წყარო გახდა.

10 ივნისს სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ შსს-ს გამოძიების გაჭიანურებაში დასდო ბრალი. დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძემ და რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა კოლეგამ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ ვიდეოების უკან მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოკა ყანდიაშვილი იდგეს და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს. ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ ის „ნაც. აქტივისტების ბოდვაზე“ პასუხის გაცემას არ აპირებს და სანაცვლოდ ზოგიერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითი გაიშვირა ტელეკომპანია იმედის ყოფილ დირექტორის და სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირის გიორგი არველაძისკენ, როგორც 2010 წლის მარტში "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელისკენ. არველაძემ ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა. 

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა, რომელიც დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომას არ ესწრება, განაცხადა 11 ივნისს, რომ ის ფაქტი, რომ ვიდეო-რგოლი „საქართველოში დაიდო“, ეს „ძალიან ბევრ კითხვებს შობს“.

„ასეთი კადრების გამკეთებელი ვინ არის, ჩვენ არ ვიცით განა, თუ ამაზე საუბარია, თუმცა მე ამაზე არ გამოვთქვამ ეჭვს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, „მაგრამ თუ მაინც წინასწარ ეჭვებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდს მსგავსი ხელწერა არ ჰქონია არასდროს და მსგავსი თემებით არასდროს არ დაკავებულა, შესაბამისად, თუ ვინმეს ეჭვი აქვს ამ მიმართულებით, ეს მისი პრობლემაა მხოლოდ“.

„ეს მათი ხელწერაა. ესენი ახერხებდნენ მსგავსი ფილმების გადაღებას და გავრცელებას, მოდელირებული ქრონიკა თუ რაღაცეები ჰქონდათ მათ, შესაბამისად, ეჭვის საფუძველს იძლევა და არა მეტი, უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოძიება ფატების დადგენის მიზნით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა უპასუხა, რომ ვიდეოს წარმომავლობის დადგენა „საათების ამბავია“, მაგრამ გამოძიების ნაცვლად, მთავრობა, პრემიერ–მინისტრის ჩათვლით, „ჭორაობას“ აგრძელებენ.

11 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია უნდა გვეკავოს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამასობაში უნდა გვეკავოს პრინციპული პოზიცია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტების დადგენას და არა ხელი შევუშალოთ მას ამა თუ იმ პოლიტიკური განცხადებებით, ან თითის გაშვერით მანამ, სანამ ამის საფუძველი არსებობს“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version