პრეზიდენტის შენიშვნები სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე

პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს მომავალ სასესიო კვირას განიხილავს და როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებს, დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, რითაც პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მიღებული თავდაპირველი ვარიანტის ამოქმედებას დაუჭერს მხარს.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, კანონპროექტი 23 აპრილს იმ მოტივით დაუბრუნდა საკანონმდებლო ორგანოს, რომ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ერთ–ერთი მთავარი შენიშვნა ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 მოქმედი წევრიდან 13–ის უფლებამოსილების შეწყვეტას, რომელთა ამჟამინდელი წევრობაც დაგეგმილ ახალ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

პრეზიდენტი სთავაზობს, რომ პრეზიდენტის მიერ დანიშნული ორი მოქმედი წევრის და იმ ოთხი დეპუტატის უფლებამოსილება შეწყდეს, რომლებიც ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან; პრეზიდენტი ასევე სთავაზობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებიც აირჩია არა მოსამართლეთა კონფერენციამ, არამედ მისმა ცხრა–წევრიანმა ადმინისტრაციულმა კომიტეტმა. ამჟამად საბჭოში სამი ასეთი მოსამართლე წევრია. შედეგად, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ 15 წევრიდან 9–ს შეუწყდეს ვადაზე ადრე უფლებამოსილება. 

პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც იმავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეების პოსტები უკავიათ, შეეძლოთ არჩევანის გაკეთება  საბჭოში წევრობის შენარჩუნებასა და თავმჯდომარის პოსტების დატოვებას შორის.

კიდევ ერთი ძირითადი შენიშვნა პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრის არჩევის წესს უკავშირდება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, ეს ექვსი წევრი პარლამენტმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ. ეს ექვსი წევრი პარლამენტმა ხმების ორი–მესამედით უნდა დაამტკიცოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების ხმებიც იქნება საჭირო. მაგრამ ჩიხის თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტი სთავაზობს ხელმეორე კენჭისყრის გამართვას იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში კანდიდატები ორი–მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ; ასეთ შემთხვევაში უბრალო უმრავლესობა – 76 ხმა  – იქნება საკმარისი, რომ კანდიდატი საბჭოს წევრად დამტკიცდეს. რეალურად, ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურში ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა არ დასჭირდება კანდიდატის დასამტკიცებლად.

თუმცა, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის თანახმად, ანტი–ჩიხური ღონისძიებები არ შეეხება ორ ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრიდან სულ ცოტა ორი აუცილებლად უნდა იქნას არჩეული ორი–მესამედის მხარდაჭერით; შესაბამისად, ორი ადგილი საბჭოში ვაკანტური მანამ დარჩება, სანამ პარლამენტი სულ ცოტა 100 ხმით კანდიდატებს ვერ აირჩევს.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, ეს დებულებები დაბრკოლებას უქმნის  არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში საპარლამენტო უმცირესობის ჩართულობას.

პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ექვსის ნაცვლად, ოთხი არამოსამართლე წევრი დაამტკიცოს პარლამენტმა, საიდანაც სამი ადგილისთვის კანდიდატებს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო ერთი ადგილზე კანდიდატებს – ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა წარადგენენ. ერთი ვაკანტური ადგილისთვის სულ ცოტა სამი კანდიდატი უნდა შეირჩეს. პრეზიდენტის შემოთავაზების თანახმად, ყველა კანდიდატი ხმების ორი–მესამედით უნდა დამტკიცდეს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი გახდა, მეორე ტურში გადავა ის ორი კანდიდატი, რომლებიც პირველ ტურში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ; თუ პარლამენტმა მეორე ტურშიც ვერ აირჩია წევრები ხმების ორი-მესამედით, მაშინ მათი კანდიდატურები დასამტკიცებლად მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება.

პრეზიდენტს ასევე სურს, რომ შეუნარჩუნდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის უფლებამოსილება (ამჟამად პრეზიდენტს ორი წევრის დანიშვნის უფლება აქვს). პრეზიდენტს ამის მოტივად ის საკონსტიტუციო დებულება მოყავს, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაშიდა რომელიც პრეზიდენტს საბჭოში წევრის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს. სააკაშვილის შენიშვის თანახმად, პრეზიდენტისთვის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევა წინააღმდეგობაში მოვა იმ საკონსტიტუციო დებულებასთან, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში.

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვის უფლებამოსილების ჩამორთმევა „დადებითი ნაბიჯია“; თუმცა, მან ასევე აღნიშნა ის წინააღმდეგობა, რომელიც ახალი საკონსტიტუციო დებულების ძალაში შესვლის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას.

პრეზიდენტი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ იუსტიციის საბჭოს ერთი დარჩენილი არამოსამართლე წევრის არჩევის  უფლება მოსამართლეთა კონფერენციას მიეცეს, აცხადებს რა, რომ ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესში მოსამართლეთა ჩართულობას გაზრდის.

პრეზიდენტის ყველა შენიშვნას პარლამენტმა ერთი კანონპროექტის სახით უნდა უყაროს კენჭის და თუ მას არ დაამტკიცებს, მაშინ დეპუტატები მათ მიერ მიღებული კანონპროექტის რედაქციას უყრიან ისევ კენჭს, რასაც სულ მცირე 89 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუ პრეზიდენტი პარლამენტის მხარდაჭერილ კანონს არ გამოაქვეყნებს, მას პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს, რის შემდეგაც ის ძალაში შედის.

25 აპრილს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, რომელიც 31 არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს, გააკრიტიკა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება, როგორც ამ რეფორმის განხორციელების გაჭიანურების მცდელობა.

„კოალიციას მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი რეფორმის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რაც უდავოდ აძლიერებს სასამართლო ხელისუფლებას და ზრდის მისი დამოუკიდებლობის შესაძლებლობებს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

„კანონპროექტის დროული ამოქმედება კი მართლმსაჯულების სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებამ კი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეს პროცესი, რაც პირველ რიგში, სასამართლოს ინტერესებს დააზიანებს“, – აცხადებს კოალიცია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version