პრეზიდენტმა სასამართლოების შესახებ კანონპროექტებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო სასამართლოებთან დაკავშირებულ ორ კანონპროექტს –  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა 5 აპრილის სხდომაზე მიიღო და რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგებოდა.

პრეზიდენტი  მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს ამ კანონპროექტებს პარლამენტს, რომელიც ან გაითვალისწინებს მის შენიშვნებს, ან პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას შეეცდება, რასაც სულ ცოტა 89 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ქართულ ოცნებას პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები აქვს საკანონმდებლო ორგანოში. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით არსებობდა წინასწარი მოლოდინები, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ ამ ცვლილებების ერთადერთი მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც მის დაბლოკვას ეცდებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა ანდრო ბარნოვმა ვეტოს დადების საფუძვლად დაასახელა ის გარემოება, რომ პარლამენტმა „სრულიად უგულებელყო“ ვენეციის კომისიის „ერთ–ერთი ყველაზე პრინციპული“ რეკომენდაცია საბჭოს წევრობის უწყვეტობის თაობაზე.

„კომისიის მკაფიო რეკომენდაციით იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისაგან. სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლება და ამის დაშვება“, – განაცხადა ბარნოვმა საგანგებო ბრიფინგზე.

„პარლამეტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას“, – განაგრძო მან, „ამგვარი ცვლილება იძლევა საშუალებას, რომ მიმდინარე საქმეებზე გადაწვეტილების მიღებისას საბჭოზე განხორციელდეს ზემოქმედება“.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით გადაამუშავა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15–დან 13 წევრის უფლებამოსილება, რომელთა ამჟამინდელი წევრობა არ შეესაბამება ახალ კრიტერიუმებს, შეწყდება. თუმცა, საბჭოს რვა მოსამართლე წევრიდან შვიდს კვლავ შეეძლება კენჭისყრა და წევრობის შენარჩუნება, თუ მათ მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს.

23 აპრილს სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ სასამართლოში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეს იყო კარგი ინიციატივა. ვენეციის კომისია მიესალმა ამ ინიციატივას იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს ეფექტურობა. ასე რომ, როგორც ჩანს ყველაფერი მიდის კარგი მიმართულებით“.

მეორე კანონპროექტზე, რომელიც ართმევს ბრალდებულს უფლებას თავად აირჩიოს მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ თუ მოსამართლემ, ვეტოს დადების მიზეზად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის მოტივი დაასახელა, რომ ეს ცვლილებები მართლმსაჯულების განხორციელების რისკებს ქმნის.

„არსებული პროექტით  ბრალდებულის ნაცვლად, ამ  გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორის აზრით მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებასთან დაკავშირებით პროექტი სხვა რისკებსაც შეიცავს“, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

მისი თქმით, კანონპროექტების პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დღესვე გადაეგზავნება პარლამენტს განსახილველად.

ამ შენიშვნებს, კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში განიხილავს და იღებს ორიდან ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

პარლამენტი ან ამტკიცებს პრეზიდენტის შენიშვნებს, რის შემდეგაც 5 დღის ვადაში კანონპროექტი გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს მის საბოლოო რედაქციას და კანონს 7 დღის ვადაში აქვეყნებს; 

მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტი უარს ამბობს პრეზიდენტის შენიშვნების მიღებაზე, ის ირჩევს ვეტოს დაძლევის გზას და კენჭს უყრის კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი (ამჟამინდელ პარლამენტში მინიმუმ 89 დეპუტატი).  თუ პრეზიდენტი პარლამენტის მხარდაჭერილ კანონს არ გამოაქვეყნებს, მას პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს, რის შემდეგაც ის ძალაში შედის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version