ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4.75%–მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 4.75%–მდე შეამცირა.

ეს ყველაზე დაბალი განაკვეთია მას შემდეგ, რაც 2008 წლის იანვარში ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიური რეფინანსირების განაკვეთების დაწესება დაიწყო.  

იანვარში წლიურმა ინფლაციამ -1.6% შეადგინა, რასაც წინ უძღოდა –1.4%–იანი ინფლაცია დეკემბერში.

„უარყოფითი ინფლაცია ძირითადად სურსათის ფასების შემცირებით იყო განპირობებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 13 თებერვალს. „მნიშვნელოვანი იყო ასევე ადმინისტრირებადი ფასების (ელ. ენერგია და დასუფთავების მომსახურება) შემცირების ერთჯერადი წვლილი“.

მისივე თქმით, ეკონომიკური აქტივობის წინასწარი ინდიკატორები მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდის შენელებაზე მიუთითებს, რაც ფასების დონეზე კლების მიმართულებით მოქმედებს. „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.1% შეადგინა. 2012 წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდა 2.5%–მდე შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წინასწარი მონაცემების თანახმად, ოქტომბერში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, ნოემბერში – 3%, ხოლო დეკემბერში 0.8%–იანი ვარდნა დაფიქსირდა.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა პირველი კვარტლის მონაცემების საფუძველზე მოხდება. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%–ს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version