„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოდის

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ინარჩუნებს ყველა ამჟამინდელ უფლებამოსილებას გარდა ერთისა, რომელიც საშუალებას აძლევს მას ახალი მთავრობა დანიშნოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი უარს იტყვის მის დამტკიცებაზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარასკევს.

არსებული სისტემით, მთავრობა პრეზიდენტის მხრიდან დათხოვნის მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება, განაცხადა უსუფაშვილმა.

ამჟამად, პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტს ახალი პრემიერ–მინისტრი და მთავრობა წარუდგინოს დასამტკიცებლად.

თუ პარლამენტი სამჯერ უარს იტყვის ახალი მთავრობის დამტკიცებაზე, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და ახალი მთავრობა პარლამენტის დამტკიცების გარეშე დანიშნოს.

თუმცა, კონსტიტუციაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი ექვსი თვის მანძილზე საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში გაიმართა, და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში იგეგმება.

მიუხედავად ამ შეზღუდვისა, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის ვადებს განსაზღვრავს, თუ პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნას გადაწყვეტს, იგი შეძლებს ამის გაკეთებას და თავისი მთავრობის დანიშვნას პარლამენტის დათხოვნის გარეშე და ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა შეუდგება საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას, ხოლო ახალი საპარლამენტო არჩევნები ბოლო არჩევნებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობის პირობებში გაიმართება.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არსებული სისტემა არასტაბილურობის განცდას იწვევს, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკის შემდეგ, რომელმაც  კრიტიკის ხაზი სულ უფრო გააძლიერა. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ რიტორიკამ ბოლო დროს სპეკულაციები გამოიწვია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ერთ დღეს გამოიყენოს თავისი უფლება და დაითხოვოს მთავრობა, რამაც არსებულ სიტუაციაში შესაძლოა კრიზისი შექმნას.

უსუფაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ამგვარი კრიზისული ვითარება გამოირიცხოს, „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესთავაზა.

ცვლილებების თანახმად, განაცხადა უსუფაშვილმა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ შემცირდება, გარდა ერთისა – თუ პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნას გადაწყვეტს და პარლამენტი უარს იტყვის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობის დამტკიცებაზე, მას შესაძლებლობა ექნება პარლამენტიც დაითხოვოს, თუმცა პრეზიდენტი ვერ შეძლებს თავისი მთავრობის დანიშვნას ახალი პარლამენტის არჩევამდე; ინიციატივა ასევე ითვალისწინებს იმ ექვსთვიანი შეზღუდვის მოხსნას, რომლის დროსაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი გადაწყვეტს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დათხოვნას, პრემიერი და მისი მთავრობის წევრები შეძლებენ უფლებამოსილების შენარჩუნებას მოვალეობის შემსრულებლების რანგში ახალი პარლამენტის არჩევამდე.

ეს ინიციატივა პირველად პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა 27 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში. უსუფაშვილმა განაცხადა 28 დეკემბერს, რომ მან ამ ინიციატივის თაობაზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს მანამდე აცნობა, სანამ ეს ინიციატივა საჯაროდ გახდებოდა ცნობილი. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ნაციონალურ მოძრაობასთან შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ასევე ფიქრობდა კონსტიტუციაში ისეთ ცვლილებებზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას, თუმცა ეს გეგმა შეცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version