ივანიშვილი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე რუსეთის პირველი რეაქციით იმედგაცრუებულია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 12 ნოემბერს, რომ იგი იმედგაცრუებულია მოსკოვის პირველი რეაქციით მის გადაწყვეტილებაზე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 3 ნოემბერს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა რუსეთში ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რომ მოსკოვი თბილისისგან „კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების “ გადადგმას ელის.

ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე მის გადაწყვეტილებაზე რუსეთის რეაქცია „შესატყვისი“ არ იყო.

„ახალი ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯი, როდესაც მე სპეციალური წარმომადგენელი დავნიშნე, ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, და პირველ ჩვენ რაღაც იმედგაწბილება მივიღეთ მათი [რუსეთის ხელისუფლების] განცხადებებით; არ იყო შესატყვისი რეაქცია ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან. ჩვენ ველოდებით ისევ და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება გააკეთებს შემდგომ ანალიზს და შესატყვის ნაბიჯს გადადგამს. ესკალაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორისაა, არც ერთი ქვეყნისთვის არ არის სასურველი და ორმხრივი მცდელობით უნდა მოვახერხოთ და როგორმე გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ჩვენი ისტორიული ურთიერთობები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ შეხვედრის დროს მას აცნობა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რუსთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე. მისი თქმით, „ჩვენი პარტნიორების ურთიერთობა ისეთ მნიშვნელოვან მეზობელთან, როგორიც რუსეთია“, ძალიან მნიშვნელოვანია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version