სააკაშვილმა გაეროში არჩევნებზე, რუსეთსა და ციხის სკანდალზე ისაუბრა



პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას სიტყვით მიმართავს, 25 სექტემბერი. 

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო წარსულში აღარ დაბრუნდება, მიუხედავად სამხედრო მუქარებისა და „ბინძური ფულისა ჩრდილოეთიდან“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას. 

ვიდრე მოახლოებული არჩევნების თემას შეეხებოდა, მან ციხის სკანდალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პასუხი ამ „ამაზრზენ“ ფაქტებზე იყო „სწრაფი“ და რომ მან გააკეთა ის, რაც „დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა“. 

მისი თქმით, საქართველო „გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა იმ გამოწვევებს, რომელიც დემოკრატიის წინაშე დგას, როდესაც ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა ცუდი მოპყრობის მტკიცებულებები გამომჟღავნდა“. 

„ფაქტები ამაზრზენი იყო, ხოლო ჩვენი პასუხისმგებლობა ნათელი; ჩვენი რეაქცია სწრაფი იყო და ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა – ჩვენ გამოვავლინეთ ყველა პასუხისმგებელი პირი, ყველა პასუხისმგებელი პირი დაკავებულ იქნა, ორი მინისტრი გადადგა და ჩვენ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელად ამ სისტემის უმწვავესი კრიტიკოსი დავნიშნეთ – ადამიანის უფლებათა დამცველი, საქართველოს ომბუდსმენი“, – განაცხადა მან. 

„სწორედ ასე სწავლობენ დემოკრატიული სახელმწიფოები; სწორედ ასე ხდება ჩვენი გაუმჯობესება და სწორედ ასე გადალახა ჩემმა მთავრობამ შეცდომები და გამოწვევები წარსულში, რათა უფრო გაძლიერებულიყო, უფრო ეფექტური და ინსტიტუციონალიზირებული, ღია საზოგადოების მშენებლობისადმი უფრო ერთგულიც კი გამხდარიყო“, – განაცხადა მან, „ღია საზოგადოების მშენებლობას და შენარჩუნებას მტკივნეული გამოცდილება და მნიშვნელოვანი რისკის გაწევა მოყვება… ამ რისკების გაწევა ღირს“.
 
თავის გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ წამოწია ციხის სკანდალის საკითხი, როდესაც ისაუბრა რუსეთის და საქართველოს ურთიერთმიმართებაზე. მისი თქმით, თავისი დემოკრატიული რეფორმების და წარმატების წყალობით, საქართველო დადებით მაგალითს ქმნის პოსტ–საბჭოთა სივრცეში, მაგრამ ამავე დროს „ეს ძალიან ცუდი მაგალითია რუსეთის გადმოსახედიდან“. სააკაშვილმა განაცხადა: „მათ [რუსეთის ხელისუფლებას] სურთ, რომ საქართველო რუკიდან გაქრეს, რადგანაც თუ საქართველო გადარჩება და თუ საქართველო კვლავაც განაგრძობს ამას, ეს ცუდი მაგალითია ყველა დანარჩენისთვის, მათ შორის რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების აზრით, რუსი ხალხისთვისაც“. 

„თუნდაც ის გზა, რომლითაც ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ ციხის სკანდალზე – და რუსეთში ამგვარი რამ თითქმის ყოველდღე ხდება… და ამას არავინ გმობს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სკანდალზე საქართველოს რეაქცია, მათ შორის ორი მინისტრის გათავისუფლება და ციხის 12 თანამშრომლის დაკავება, „ცუდ მაგალითს“ წარმოადგენს მათი გაგებით, ვისაც „თავისუფლების ჩახშობა“ სურთ.

„თუ საქართველო გადარჩება და წინ წავა, მთელი პოსტ–საბჭოთა სივრცე წავა წინ“, – განაცხადა სააკაშვილმა,
„საბჭოურობა და პოსტ–საბჭოურობა არ არის ბედისწერა; ორგანიზებული დანაშაული და ძალადობა არ არის ბედისწერა; მონობა არ არის ბედისწერა; ‘შეზღუდული სუვერენიტეტი’, როგორც ერთხელ ბრეჟნევმა განსაზღვრა ეს და პუტინმა ახალი ფორმა მისცა, არ არის ბედისწერა; ჩვენ ყველანი აქ თავისუფალი ერები ვართ… და ჩვენი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მან. 

‘გარედან მომდინარე საფრხთეები’

ამასთან, სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში იზეიმებს, თუ ეს კვლავაც „ქართულ პროცესად“ დარჩება და დაცული იქნება გარედან მომავალი სართხეებისგან.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სწორედ ახლახანს განაცხადა, რომ რუსული ძალები ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით, სამხრეთ ოსეთის ყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შიგნით მდებარეობს, სამხედრო ძალების ფართომასშტაბიან უკანონო ზრდას ახორციელებენ. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მათ თავდასხმითი შეიარაღება და ძალები შემოყავთ ჩვენი საზღვრების შიგნით“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მას მხედველობაში ჰქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 21 სექტემბრის განცხადება, რომელშიც მისიამ აღნიშნა, რომ ევროპელმა დამკვირვებლებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა შენიშნეს. 

შემდეგ სააკაშვილმა რუსეთის სამხედრო წვრთნებზე „კავკაზ 2012“–ზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მოსკოვმა „უჩვეულო გადაწყვეტილება“ მიიღო, როცა ფართომასშტაბიანი წვრთნები საქართველოს არჩევნებს დაამთხვია.  

„შეუძლებელია წარმოიდგინო უფრო პროვოკაციული და უპასუხისმგებლო მიდგომა, ვიდრე სამხედრო ძალების მობილიზებაა ნებისმიერი ერის დემოკრატიული ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში“, – განაცხადა მან.  

„მილიარდობით დოლარის რუსული ფული შემოვიდა საქართველოს საარჩევნო კამპანიაში; უამრავი სხვა რესურსი გამოიყო და ახლა რუსული ძალები ცდილობენ ამ პროცესში გარკვეული ფონის როლი შეასრულონ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„სწორედ ამიტომ დღეს მე მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს, ნუ გაუკეთებენ იგნორირებას და უარყოფენ ასეთ შემაშფოთებელ განვითარებას“, – განაცხადა მან, „მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთხოვო მსოფლიოს ყურადღება მიაქციონ… ერთხმად ისაუბრონ ამ მუქარების წინააღმდეგ და ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად“. 

20 სექტემბერს აშშ–ის ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას, რომელიც საქართველოს ორი კვირის წინ სტუმრობდა, ჰკითხეს ისახავდა თუ არა მიზნად „კავკაზ 2012“ საქართველოს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას, რაზეც  მან უპასუხა: „როგორც მე მესმის, „კავკაზ 2012“ დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით ამის თაობაზე დიდი ხნით ადრე. რეალურად, ის მანამდე დაიგეგმა, სანამ [საქართველოში] არჩევნების დღე გაირკვეოდა. თქვენ კარგად იცით საქართველო–რუსეთის დინამიკა, მაგრამ ჩვენ ასევე მოვუწოდეთ რუსებს… შეეცადონ და თავიდან აიცილონ ყველაფერი, რაც შესაძლოა პროვოკაციულად იყოს აღქმული. ვნახოთ“. 

გაეროში გამოსვლისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა: „თქვენი სიფხიზლე და ჩართულობაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდეს, რომ 2012 წელი 2008 წლის განმეორება არ გახდეს, ან განსაკუთრებით 1921 წლისა, როდესაც რუსეთმა ბოლოჯერ დაასრულა ჩვენი დამოუკიდებლობა“. 

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ ღიაობას ინარჩუნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებით. „წელს რუსეთიდან ერთი მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვა საქართველოში და ისინი უკან ერთ მილიონ ისტორიას წაიღებენ [საქართველოს] წარმატებული განვითარების შესახებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

‘გადამწყვეტი არჩევნები’

სააკაშვილმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „გადამწყვეტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები.

„მე ჩამოვედი, რათა გითხრათ, რომ საქართველო დარჩება ღია საზოგადოება – ეს ჩვენი მოქალაქეების არჩევანია და ამას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მან, „საქართველომ ბოლო წლებში რამდენიმე არჩევნები ჩაატარა, რომლებსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და რომელთაგანაც ყველა თავისუფალი და სამართლიანი იყო“.

„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გუშინდელი მიღწევები არასდროსაა საკმარისი და მე პირობა დავდე, რომ წლევანდელი არჩევნები კიდევ უფრო თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ვიდრე წინა“, – განაცხადა მან.

ამ მიზნით, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ „მრავალი“ ნაბიჯი გადადგა, დაწყებული პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდით  და დამთავრებული წინასაარჩევნო პერიოდში ‘must-carry’–ის პრინციპის შემოღებით.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების ინიციატივით მომზადდა ქცევის კოდექსი, რომელიც ეწინააღმდეგება „პოლიტიკურ დევნას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, კამპანიასთან დაკავშირებულ ძალადობას… და სიძულვილის ენას“.

„სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სივრცის ყველა მონაწილემ ეს პრინციპები არ გაიზიარა და განგებ მუშაობენ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, თუ როგორ იქნებიან ისინი აღქმული შინ და საერთაშორისო თანამეგობრობაში“, – განაცხადა მან.

სააკაშვილს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ უარი შეერთებოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებულ პარტიათა ქცევის კოდექსს; თუმცა, „ქართული ოცნება“ სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს შეუერთდა, რომელიც სხვა დებულებებთან ერთად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილ პუნქტებსაც შეიცავს. მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ ქცევის კოდექსში მთავარი უთანხმოება გამოიწვია იმ პუნქტმა, რომელიც არჩევნების შედეგების აღიარებას ეხება და რომლის ფორმულირებაც მიუღებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“.

„ჩვენი პასუხი ჩვენი დემოკრატიის შეფერხების განზრახი მცდელობების მიმართ არის პირდაპირი – დემოკრატიულ, გამჭირვალე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ პროცესს საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საერთაშორისო დამკვირვებლების შუალედურ ანგარიშებზე დაყრდნობით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაზე კონკურენტული არჩევნები იქნება საქართველოს ისტორიაში.

„1 ოქტომბერს, მიუხედავად მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, ძირი გამოუთხარონ დინამიკას, ქართველი ხალხი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს და უარს ეტყვის მათ, ვინც ცდილობს დახუროს საქართველოს კარები“, – განაცხადა მან.  

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი არჩევნების ფონზე „ღიაობა კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული, გამჭირვალობა გაძლიერდება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება დადასტურდება“.

„ერთი რამ, რაც დადასტურდება, არის ის, რომ საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება უკან, მას უკან ვეღარ შეათრევენ ვერანაირი ზეწოლით, ვერანაირი ბინძური ფულით ჩრდილოეთიდან, სამხედრო წვრთნების ვერანაირი მუქარით და პირდაპირი სამხედრო შემოჭრით იმ შემთხვევაში, თუ იქნება მასობრივი არეულობები, თუ წამოიშვება და დაგვემუქრებიან რაიმე ტიპის შეიარაღებული დაჯგუფებები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ეს არ იმუშავებს“, – განაგრძო მან, „ევროკავშირის თანახმად, ჩვენ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ; ჩვენ ევროპის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ვართ ძლიერი სახელისუფლებო ინსტიტუტებით; მათ ვერ მოისყიდიან და ვერ შეარყევენ“.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version