საქართველომ ლონდონის ოლიმპიური თამაშები შვიდი მედლით დაასრულა

ქართველმა სპორტსმენებმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 11–12 აგვისტოს ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, რის შედეგადაც საქართველომ მედლების რაოდენობა შვიდამდე გაზარდა.

96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, 32 წლის გიორგი გოგშელიძემ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი 12 აგვისტოს უზბეკ კურბან კურბანოვის დამარცხების შედეგად მოიპოვა.

თავისუფალი ჭიდაობის 84 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 25 წლის დავით მარსაგიშვილმა 11 აგვისტოს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დაამარცხა რა სოსლან გაციევი ბელარუსიდან.

ასევე 11 აგვისტოს 25 წლის დავით მოძმანაშვილმა ვერცლის მედალი მოიპოვა მას შემდეგ, რაც თავისუფალი ჭიდაობის 120 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უზბეკ ანტურ ტაიმაზოვთან წააგო ბრძოლა ფინალში.

შედეგად, 35 ქართველმა სპორტსმენმა სულ 7 მედალი მოიპოვა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე – ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო, ყველა მათგანი ძიუდოსა და ჭიდაობაში.

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში; 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა; ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რევაზ ლაშხი ვერცხლის მედალოსანი გახდა; ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 27 წლის მანუჩარ ცხადაია 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების რაოდენობით საქართველო მექსიკასთან 39–ე ადგილს იყოფს.

შვიდი მედალი ქვეყნისთვის რაოდენობრივად საუკეთესო შედეგია, ხოლო ხარისხობრივად ჩამორჩება წინა ორი ოლიმპიადის შედეგებს.

საქართველომ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ პირველად თავისი სპორტსმენები ატლანტის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაგზავნა 1996 წელს, სადაც ქართველებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და ძიუდოში.

ოთხი წლის შემდეგ, სიდნეიში ქართველმა სპორტსმენებმა ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს (ბოქსში, ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ძიუდოში და ორი ბრინჯაო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში).

პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველომ 2004 წელს ათენში აიღო, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა სულ ოთხი მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო (ძიუდოსა და ძალოსნობაში) და ორი ვერცხლი (ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობასა და ძიუდოში).

2008 წელს პეკინის ოლიმპიადა საქართველომ სამი ოქროს (ძიუდო, ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობა და თავისუფალი ჭიდაობა) და სამი ბრინჯაოს (ორი მედალი თავისუფალ ჭიდაობაში და ერთი – პნევმატური პისტოლეტით სროლაში) მედლით დაასრულა. ოლიმპიური მედლების რაოდენობით ქვეყანა 27–ე ადგილზე გავიდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version